რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია სიცრუეა - განათლების სამინისტროს განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რუსულ-ქართული უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს „სიმართლეს არ შეესაბამება“ და ამასთან დაკავშირებით „განცხადება არ შემოსულა“.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის დაფინანსებით იხსნება რუსულ-ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სიმართლეს არ შეესაბამება.
გაცნობებთ, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შემოსულა“, - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან განცხადებაში აღნიშნავენ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციის მინიჭების გარეშე არც ერთ სასწავლებელს არ აქვს საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 15 ივლისს ე.პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი დაარსდება, რომლის დაფინანსების ხარჯებსაც რუსეთის ფედერაცია დაფარავს.