„დამემუქრა, მომთხოვა მისამართი, მითხრა, რომ ოპერატიულ ბრიგადებს გამოუშვებს ჩემ დასასჯელად“ - ირაკლი ტაბლიაშვილის თქმით, მას რუსულენოვანი პირები ემუქრებიან
ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვანს, ირაკლი ტაბლიაშვილს რუსულენოვანი პირები ემუქრებიან. არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტს დაუდგენელმა პირმა დაურეკა და უთხრა, რომ მის დასასჯელად ჯგუფს გაგზავნიდა.
„რამდენიმე დღეა, ირაკლის ნომერზე რეკავენ რუსულენოვანი ადამიანები, ემუქრებიან.
ნახევარი საათის წინ დაემუქრნენ და ოპერ ჯგუფის გამოგზავნა დაუანონსეს.
რაც მთავარია, კითხვაზე – სად ცხოვრობო, ირაკლიმ მისამართიც კი უთხრა და იქ გაუშვა, სადაც რუსული გემი – უკრაინელებმა.
მოკლედ, 112-ში დარეკილია, ჰოდა რა ვიცი… ვნახოთ, რა მოხდება“, – ვკითხულობთ პოსტში, რომელსაც ინგა სამხარაძე ირაკლი ტაბლიაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს.
„ბოლოს ვინც დამიკავშირდა, მე მისი მოცილება ვცადე საკმაოდ უხეშად, გავუშვი იქ, სადაც უკრაინელებმა გაუშვეს რუსული სამხედრო გემი. დამემუქრა, მომთხოვა მისამართი, მე ეს მისამართი მივეცი და მერე მითხრა, რომ გამოუშვებს ე.წ. ოპერატიულ ბრიგადებს ჩემ დასასჯელად. უკვე ამის შემდეგ მქონდა კომუნიკაცია სამართალდამცავ სტრუქტურებთან, სწრაფად დამიკავშირდნენ თავადაც და დამპირდნენ, რომ დღეს უნდა მიმეცა ოფიციალური ჩვენება“, – ამბობს თავად ტაბლიაშვილი.