ძაღლის კოცნა საშიშია - რას ამბობენ მეცნიერები?
არსებობს მითი, რომ ძაღლის ნერწყვი ადამიანისაზე უფრო სუფთაა. თუმცა პენსილვანიის უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მიკრობიოლოგიის ასისტენტ პროფესორი, დოქტორი, შელი რანკინი გვირჩევს არ ვაკოცოთ შინაურ ცხოველებს.
რანკინი ამბობს, რომ ძაღლის პირში ასობით სხვადასხვა ტიპის ბაქტერია ცხოვრობს და არსებობს დაავადების გადაცემის რისკი.
”მე მჯერა, როგორც პროფესიულად, ასევე პირადად, რომ ძაღლს არ უნდა მისცეთ საშუალება, რომ სახე აგილოკოთ”, - ამბობს რანკინი, რომელიც სწავლობს დაავადების გადაცემის გზებს შინაურ ცხოველებსა და ადამიანებს შორის.
მისი თქმით, ზოგიერთი ძაღლისა და კატის პირში ბაქტერია Pasteurella ცხოვრობს და არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოგენი, რომელსაც შეუძლია ადამიანის დაინფიცირება.
ვაშინგტონის ჰოსპიტალური ცენტრის ინფექციური დაავადებების განყოფილების დირექტორი, ექიმი, გლენ ვორტმანი კი განმარტავს, რომ შინაური ცხოველების კოცნამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია, ღია წყლულთან ან ჭრილობასთან კონტაქტისას.
ეს არის ინფექცია, რომელიც შეიძლება სწრაფად პროგრესირებდეს ზოგიერთ ადამიანში, მაგრამ მისი მკურნალობა შესაძლებელია ანტიბიოტიკებით.
ვორტმანის თქმით, სიფრთხილის მთავარი მიზეზი არის ადამიანის დასუსტებული იმუნური სისტემა. რისკის ქვეშ არიან ორსული ქალები, მოხუცები და სახეზე ღია წყლულების მქონე ადამიანები, როგორიცაა აკნე.
ექსპერტები გვირჩევენ ცხოველისადმი ჩვენი სიყვარულის სხვა გზით გამოვლენას. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ბეწვიანი მეგობრები, მაგრამ გარკვეული საზღვრები უნდა დავიცვათ.
წყარო: „მკურნალი“