„კარჩაკეტილად ცხოვრობდა, თითქოს ამ საზოგადოებას გაურბოდა" - როგორ იხსენებენ ლევან დობორჯგინიძეს მეგობრები?
მსახიობი ლევან დობორჯგინიძე, სამწუხაროდ, 42 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც სამსახიობო წრეებში ამბობენ, ბოლო დროს ის გაურბოდა საზოგადოებასთან კონტაქტს.
ლევან დობორჯგინიძის მეგობარი, მსახიობი, ჯანო იზორია:
„გასეირნება ყარაბაღში“ - ეს არის ერთადერთი კინო-ნამუშევარი ლევანის ცხოვრებაში, სამწუხაროდ, მეტი გაგრძელება მის კარიერაში ამ კუთხით არც ყოფილა. ძალიან მიჭირს ჩემს ლევანზე წარსულ დროში საუბარი და მისი ასეთი სახით გახსენება...
საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ფილმი, რაც ვახსენეთ, ისეთი ნამუშევარი აღმოჩნდა, რომელიც მაყურებელმა ძალიან აიტაცა, სადაც ლევანი შემოქმედებითად საუკეთესო კი არა, საოცრება იყო.
მისი მეგობარი ვარ, ძმაკაცი, ჯგუფელი, ერთად ჩავირიცხეთ თეატრალურ ინსტიტუტში. მახსოვს, მშობლები ერთად როგორ გვგულშემატკივრობდნენ და იქიდან მოვდივართ.
გვქონდა ის ბედნიერება, რომ ჯგუფში რეზო ჩხეიძესთან ვყოფილიყავით. ლევანი ბრწყინვალე, კეთილშობილი, პიროვნული თვისებებით გამორჩეული ადამიანი იყო, მერე გარეგნულადაც შესანიშნავი, ყოველმხრივ გამომხატველი. კარგ ოჯახში დაიბადა - დედა - ქალბატონი მანანა, მამა - ბატონი დევი, ძმა... უსაყვარლესები არიან...
- ასეთი უნარების მსახიობი, ცუდია, რომ არცერთ თეატრში არ იყო. რატომ იკავებდა სამსახიობო კარიერაზე თავს?
- რაღაც არ უნდოდა, რაღაცნაირად შეიცვალა ცხოვრების სტილი... არ ვიცით, ხვალ ვინ, რას, როგორ და რანაირად ვიცხოვრებთ... ძალიან მგრძნობიარე აღმოჩნდა, მას სხვანაირი ცხოვრება არ შეეძლო. რეალობას ზემგრძნობიარედ აღიქვამდა... ამავე დროს საოცრად ჯანმრთელი იყო, სპორტული აღნაგობის, ყოფილი წყალბურთელიც. კალათბურთის თამაშისას, ფილმის გადაღებამდე ტრავმა მიიღო, იდაყვი მოხვდა და ეგ ამბავი ცოტა გაურთულდა...
როგორ მახსოვს ის წლები, როცა სახლში მასთან ვრჩებოდი და იყო მთელი ამბები... წუხელ კი გადაღებიდან მოვედი, რეზო ჩხეიძის ჯგუფს საერთო ჩატი გვაქვს და ეს სამწუხარო ამბავი იქიდან შევიტყვე. ჩვენი ჯგუფელები გულისტკივილით წერდნენ. ახლაც არ მჯერა, რომ ლევანი აღარ არის...
არავინ მიწყენს, ჩემი მეგობრები, ახალგაზრდა მსახიობებიც, თუ ვიტყვი, რომ ლევანს, როგორც მსახიობს, დიდი მომავალი ჰქონდა, რომ გაეგრძელებინა, გამორჩეული იქნებოდა ქართულ კინოში...
მიზეზიც არ ვიცი, კონკრეტულად რით გარდაიცვალა და ვარ შოკში. ახლა ვარ სენაკში, თეატრში, რეპეტიცია მაქვს, ვემზადები პრემიერისთვის და თან, ამ ამბის გამო ვარ ძალიან დამწუხრებული. რთულია საკუთარ ადამიანზე წარსულში ილაპარაკო. ქართული კინოს მშვენება და ვარსკვლავი იყო, ერთი როლით იმდენი რამ გააკეთა.
ლევან თუთბერიძე, რეჟისორი:
- საოცრად სამწუხარო ამბავია, შოკივითაა ჩემთვის... უწესიერესი ადამიანი იყო, კეთილი და ამავე დროს ძალიან ნიჭიერი... ჩვენი პირველი შეხვედრა ასე მოხდა - იყო ჩვეულებრივი კასტინგი და მაშინ ამოვარჩიე. განსაკუთრებულად ნიჭიერი აღმოჩნდა და ჩვენს ფილმშიც ასე მოხვდა. მერე კი იცით, როგორი წარმატება ხვდა ამ ფილმს და თავად ლევანს...
- ე.ი. მაშინვე შენიშნეთ ის თვისებები, რაც თქვენს პერსონაჟს სჭირდებოდა...
- რაღაც ეპიზოდების ტესტი კეთდებოდა და ეს ტესტები შეასრულა უმაღლეს დონეზე. ამიტომ გადაწყდა მისი აყვანა და მერე რაც გვინდოდა, ის გაკეთდა. სამწუხაროდ, ისტორიაში ამ ფილმით დარჩება.
შემდეგ მისი ცხოვრება ცოტა უცნაურად წავიდა. ბოლო 10 წელია, მასთან ფაქტობრივად კონტაქტი არ მქონდა. კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. თითქოს ამ საზოგადოებას გაურბოდა...
- რატომ? გულნატკენი იყო რამეზე?
- არა მგონია, ვფიქრობ, უფრო დეპრესია იყო... არადა, ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, ერთი შეხედვითაც ხვდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა და ძალიან ბუნებრივად თამაშობდა.
- ფილმის გადაღებამდე ტრავმა მიიღო კალათბურთის თამაშისასო...
- ერთი-ორჯერ თქვა, ამ ტრავმასთან დაკავშირებით თითქოს თავზე, ყბის მხარე სტკიოდა, მაგრამ ეს იყო სულ ერთი დღის განმავლობაში და ტკივილმა გაიარა, ეს ჩვეულებრივ ამბად მივიღეთ. ასეთი ტკივილი ყველა ადამიანს აწუხებს ხოლმე. გადაღებაზე ამ კუთხით არაფერი შემიმჩნევია. მშვენივრად იყო და მთელი შემართებით მუშაობდა. გულჩათხრობილი ყოველთვის იყო...
- ერთადერთი რეჟისორი ხართ, ვინც მისი ეს ერთადერთი როლი შემოინახეთ ეკრანზე...
- ლევანმა ძალიან დიდი ტალანტი დაკარგა თავისი უცნაური ცხოვრების გამო. ვწუხვარ, რომ მან ეს ნიჭი მეტად არ განავრცო...
წყარო: AMBEBI.GE