თეგებით ძიება

შოკიდან ვერასოდეს გამოვალთ - ხონში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშში მეზობლების ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია 62 წლის ბარნაბი ჩომახიძე.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაკავებულია ერთი პირი, 43 წლის ნუკრი ჩომახიძე, რომლის წინააღმდეგ საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დანაშაულის შესახებ სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები „კვირის პალიტრას“ დეტალებს უყვება.

„უსასტიკესი მკვლელობა მოხდა... ვერ აგიწერთ, რამხელა შოკი მივიღეთ, როცა მეზობლები, ბარნაბის ყვირილზე ქუჩაში გავცვივდით და ჯერ კიდევ ცოცხალი კაცი საკუთარ სისხლში სულთმობრძავი ვნახეთ, საწყალს დახვრეტილი ჰქონდა ზურგი დანით. მისი გადარჩენა აღარ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც რა არ გავაკეთეთ მის გადასარჩენად. სულ ამაოდ, სასწრაფო დახმარების სამსახურს უკვე გარდაცვლილი დახვდა. ამ შოკიდან ვერ გამოვსულვართ და ვერც ვერასოდეს გამოვალთ - არავის ვუსურვებ, ასეთი სიკვდილის შემსწრე გახდეს.

- მკვლელობის მიზეზი რა გახდა? 

- რეაურად ის, რომ ხალხს ფსიქიკა მასობრივად დაუზიანდა. ვერ ვხვდები, რა ხდება, მაგრამ ადამიანისაგან ცუდს რომ არაფერს მოელი, უცებ ისეთ საშინელებას ჩაიდენს, გაოგნებულს გტოვებს. ასე მოხდა ჩვენთანაც. გარდაცვლილი ნუკრი ჩომახიძის კარის მეზობელი იყო. დავა აქამდე არასოდეს ჰქონიათ, მაგრამ ახლა თხები გახდა დავის მიზეზი - თხები ჰყავდათ, ერთმანეთის ეზოში გადადიოდნენ და ამაზე იჩხუბეს. პრობლემას ეზოს უკეთესად შეღობვა მოაგვარებდა, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ამიტომ ჩხუბი გაგრძელდა და ამ უბედურებით დაბოლოვდა. იმუქრებოდა კიდეც ნუკრი, - მე ნერვული კაცი ვარ, მაგას არ გავახარებ, მოვკლავო, მაგრამ ეს არც საბრალო ბარნაბის სჯეროდა და არც - სხვას. 43 წლის კაცმა თხების გამო ისეთი ადამიანი როგორ უნდა მოკლას, ფაქტობრივად, ვის ხელშიც გაიზარდა?! მაგრამ ნუკრი საღამოს დათვრა, დანას დაავლო ხელი და ბარნაბის მიუვარდა. ალბათ, ის საბრალოც არ ელოდა, თუ მეზობელი ასე დაუნდობლად მოკლავდა, თორემ თავს ხომ მაინც დაიცავდა, ჯერ კიდევ ჯანმრთელი და ძლიერი კაცი იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა