ჩვენ, გამარჯვებულ უკრაინასთან ერთად უნდა მოვახერხოთ და აუცილებლად დავიხსნათ მიხეილ სააკაშვილი - სოფო ჯაფარიძე
მიხეილ სააკაშვილი მზად არის, მიიღოს ყველა პოლიტიკური პოზიციისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და შევქმნათ დიდი გამარჯვების, საქართველოს გამარჯვების პლატფორმა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს, როდესაც მთელი ცივილური სამყარო უკრაინის და ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით არის და ისინი ასე უჭერენ მხრას უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. ჩვენ, გამარჯვებულ უკრაინასთან ერთად უნდა მოვახერხოთ და აუცილებლად დავიხსნათ მიხეილ სააკაშვილი.
ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გადავდოთ გვერდით პირადი ამბიციები და ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ყველამ თითო აგური უნდა დავდოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დღეს ისე როგორც არასდროს, ყველა უნდა გავერთიანდეთ. მიხეილ სააკაშვილი მზად არის, მიიღოს ყველა პოლიტიკური პოზიციის და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და შევქმნათ დიდი გამარჯვების, საქართველოს გამარჯვების პლატფორმა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.