რატომ გაჭიანურდა მეტროსადგურ "ვარკეთილის“რეაბილიტაცია: კალაძის კომენტარი
მეტროსადგურ "ვარკეთილის“ ჩაკეტვა ჯერჯერობით არ დაგვჭირდება - ის ჩვეულებრივად მოემსახურება მგზავრებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაცია ძალიან გაჭიანურდა და გეგმის მიხედვით, მეტროს რეაბილიტაცია 2024 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.
"სიმართლე უნდა ვთქვათ, აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაცია ძალიან გაჭიანურდა. ჯერ იყო გამარჯვებული კომპანია „მამისონი“, რომელმაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ და არ შეასრულა. შესაბამისად, მოგვიწია აღნიშნული კომპანიის გაშვება და დღეს ამ სამუშაოებს ახორციელებს "ბადა კონსტრაქშენი“.
სადგურის ჩაკეტვა ჯერჯერობით არ დაგვჭირდება, ისე ჩატარდება და განხორციელდება სამუშაოები. სამუშაოების შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს მომდევნო წლის ზაფხულში.
ამ ეტაპზე სამშენებლო კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოებს გეტყვით - შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი, მეტროსადგურის დაბლა, ბაქანზე განხორციელდა აზბესტის ჭერის დემონტაჟი, სრულად მიმდინარეობს ბაქნის ქვედა სამეურნეო სივრცეების სარემონტო სამუშაოები. განხორციელდა ბაქნის სივრცის დეტალური სკანირება, რაც, რა თქმა უნდა, აუცილებელია ჭერის მოპირკეთების პროექტის საბოლოო დაზუსტებისთვის.
უახლოეს პერიოდში, მომდევნო დღეების განმავლობაში დაგეგმილი შემდეგი სამუშაოები - ესკალატორის დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის დემონტაჟი, ბაქნის იატაკზე არსებული ფილების დემონტაჟი, მოჭიმვის მოწყობა და პროექტით გათვალისწინებული ფილების მონტაჟი. როგორც გითხარით, სამუშოები არ საჭიროებს მეტროსადგურის დროებით დახურვას და ჩვეულებრივად მოემსახურება მგზავრებს. გარკვეულ არეალებში იქნება შეზღუდვები, როდესაც უშუალოდ ბაქნის მოპირკეთების სამუშაოები წარიმართება, თუმცა ამის შესახებ ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას მოსახლეობას,“ - განაცხადა კალაძემ.