„ათას ღობეზე გადამხტარ პოლიტიკოსებს, არაფრის გამკეთებელ ლაყაფისტებს, ვაჭრუკანებს, პოპულისტებსა და ტანისამოსიან გიჟებს...“ - რას წერს ზვიად ტომარაძე?
ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
„ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობა იმდენად ხელისუფლებების ბრალი არ არის, რამდენადაც ხალხის! 150 კაციან პარლამენტში 10% თუ იქნება ვინც იქ ყოფნას იმსახურებს და ვისი არჩეულია? ახლა დაწერენ ხალხი არ ირჩევსო, ხალხი ირჩევს სწორედ! გაყალბება ხდება, მაგრამ არა იმდენად, რომ ხალხის ნებამ თავისი ვერ გაიტანოს!
მარტივად აგიხსნით, ამასწინათ მესენჯერში პოსტი ჩამიგდეს, დაწერეთ ვინ გინდათ მოხვდეს პარლამენტშიო?
საოცარი პასუხები იყო, ისეთ პიროვნებებს წერდნენ ვინც ახლაც პარლამენტშია, ასევე წერდნენ ათას ღობეზე გადამხტარ პოლიტიკოსებს, კარგად მოსაუბრე და არაფრის გამკეთებელ ლაყაფისტებს, ვაჭრუკანებს, პოპულისტებსა და ტანისამოსიან გიჟებს...
30 წელმა ამ ხალხს ვერაფერი ასწავლა და კი არის ჩინოვნიკების მიერ მიქელა კალმახიძის ჩექმასავით წამოცმული, დღემდე ვერ ისწავლეს შავის და თეთრის გარჩევა, ვერც ის რომ კარგად ლაპარაკი, საქმის კეთების ცოდნას არ ნიშნავს და ვერც ის, რომ თუნდაც კარგი პიროვნება თავის პროფესიაში, ხალხის მსახურებას არ გულისხმობს, რაც პარლამენტს გარეთ ხარ, შიგნითაც ის იქნები...“ - წერს ტომარაძე.