„ნაცებმა“ და „ქოცებმა“, ამ ორმა დესტრუქციულმა ძალამ, ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ - გიორგი გახარია
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობის ბევრი მაგალითი არსებობს, მათ შორის პარლამენტშიც.
როგორც გახარიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია ე.წ. ქოლცენტრების საქმე.
„მუნიციპალურ დონეზე „ოცნების“ და „ნაცების“ თანამშრომლობის უკვე იმდენი ფაქტია, პარლამენტშიც. აი, იუსტიციის საბჭოს წევრები ერთად აირჩიეს. "ქოლცენტრები" არის იდეალური მაგალითი, როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან „ნაცები“ და „ქოცები“. "ქოლცენტრები" არის იდეალური მაგალითი, ქართული სახელმწიფოს რეპუტაციის ხარჯზე, როგორ შოულობენ მილიარდებს „ნაცებიც“ და „ქოცებიც“ და მერე გამოვლენ და იტყვიან, რომ კოალიცია არ გვაქვსო. შენ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო, ძალაუფლება გინდა იმისთვის, რომ ფული იშოვო, ფულს ვისთანაც შოულობ, ის არის შენი ნამდვილი პარტნიორი, ის კი არა პარლამენტში ვისთანაც ოპოზიციაში ხარ. მთავარია ფულს ვისთან ერთად შოულობ და ვისთან ერთად იყოფ. ეს „ქოლცენტრები" არის ყველაზე კარგი, იდეალური მაგალითი „ქოცების“ და „ნაცების“ თანამშრომლობის. თუ ასე არ არის, აბა ან ერთმა, ან მეორემ თვითონ დააინიციირონ ამ კომისიის შექმნა. ამიტომ არის, რომ გამოძიება არ უნდათ და ამ კომისიის შექმნა. ეს კომისია რომ შეიქმნას, ერთმანეთზე მოუწევთ ჩვენების მიცემა. ამ ორმა, ქვეყნისთვის სახიფათო, დესტრუქციულმა ძალამ, ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ. კი არ უნდა გაქრნენ, არა, უნდა იყვნენ, უბრალოდ 50% ვერ უნდა გადალახონ. საქართველოს მოქალაქეებს არ უნდათ გააკეთონ არჩევანი „ნაცსა“ და „ოცნებას“ შორის. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კარგად ახსოვს „ნაცი“ როგორ ძალადობდა ფიზიკურად და კარგად ხედავს დღეს „ოცნება“ როგორ ძალადობს ფსიქოლოგიურად.
ადამიანმა არჩევანი ხომ დაიმსახურა? ახლა ფაქტობრივად არჩევანი არ არსებობს. არსებობს ფსიქოლოგიური მოძალადე, რომელიც გაშინებს და გაშანტაჟებს ფიზიკური მოძალადით. მერე გამოვლენ და გეტყვიან ღირსებაზე რამეს. ღირსებაა ეს? ეს ყველაფერი რომ ხდებოდეს სხვაგან და სხვა დროს, შეიძლება კომპრომისებზე გვეფიქრა. წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია. ამიტომ ეგრე ვეღარ იქნება“, - განაცხადა გახარიამ.