ტყის ხანძრებს კუნძულს სიცილიაზე 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
იტალიის სამხრეთ კუნძული სიცილია ტყის ხანძრებმა გაანადგურა. სიცხემ და ძლიერმა შტორმმა დიდი ზიანი მიაყენა კუნძულს.
მედიის ცნობით, ხანძრებს 3 მოხუცი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 70 წელს გადაცილებული წყვილის ცხედრები მათ დამწვარ სახლში პალერმოს გარეუბანში იპოვეს. კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა, იმის გამო, რომ სასწრაფო დახმარების მანქანამ მის სახლამდე მისვლა ვერ შეძლო.
„მწველი სიცხე და უპრეცედენტო დამანგრეველი ხანძრები. ათწლეულების განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეა“, - განაცხადა სიცილიის ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტმა, რენატო შიფანიმ.
იტალიელმა მეხანძრეებმა განაცხადეს, რომ ისინი ხანძრის 1 400 კერას ებრძოდნენ, მათ შორის 650-ს სიცილიაში და 390-ს კალაბრიაში.