„ქრონიკულმა სმებმა სასტიკ დაავადებამდე მიმიყვანა... მადლობა ამერიკას, რომელმაც მიმკურნალა" - "ზუმბა" მძიმე წლებს იხსენებს
მუსიკოსი, ზაზა კორინთელი იგივე "ზუმბა" საქართველოდან ამერიკაში წასვლის მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უმძიმეს დაავადებასთან ბრძოლა უწევდა.
"ახალი ჩამოსული ვარ და მეგობრებმა დამპატიჟეს სათევზაოდ ოკეანეზე. გავედით კოხტად მოწყობილ სანაპირო ყურეზე კალიფორნიის ერთ პატარა ქალაქ სანტა კრუზში.სუფთა, მშვიდი, ლამაზი, მზიანი დღე იყო.ოჯახები, ბავშვები, შეყვარებულები, ძაღლები, კატები, თოლიები... სეირნობდნენ, ვარჯიშობდნენ,დარბოდნენ, ისვენებდნენ საყვარლად...ისა, ესა... და უცებ მომინდა პაპიროზის გაფუილება, მიწია რეფლექსმა და მოთხოვნილებამ. გამოვედი მოსაწევად ამ სისუფთავეში, ვეძებ ადგილს, ვიპოვე კუთხე ნაგვის ყუთთან, დავდექი, მოვუკიდე, ღრმა სარიტუალო ნაფაზისთვის ვემზადები, უნდა გავაფუილო და ჰოი საოცრებავ... სასწაულად შემრცხვა მზის, ოკეანის, სუფთა ჰაერის, ყველასი და ყველაფრის... მივიხედ-მოვიხედე, საერთოდ არავინ მიყურებდა, ჩავაქრე და ალბათ საბოლოოდ... ასე დამთავრდა ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობა.
ეს ნიკოტინის სევდა და ახლა ალკოჰოლზეც გეტყვით. ძალიან კარგი მეღვინეები მყავდნენ პაპა-ბაბუები ორივე მშობლის მხრიდან. ვაზთან და ღვინოსთან ერთად გავიზარდე ბავშვობიდან ფაქტობრივად.ეს კულტურა ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და არის დღემდე, მისი თანმდევი კონცეფციით, ურთიერთობების თუ ხელოვნების ძალიან მიმზიდველი და ფაქიზი ფორმებით... მერე მოხდა ის, რომ ნელ-ნელა შემოქმედებითმა აქტიურობებმა, ურთიერთობებმა, კონცერტებმა, გასტროლებმა, სახალხო ფესტივალებმა, ექსპედიციებმა, მოგზაურობებმა და შემდგომ უკვე ფსევდოტრადიციულმა, სავალდებულო ქრონიკულმა სარიტუალო სმებმა ეს ყველაფერი სასტიკ დაავადებამდე მიიყვანა, რომელსაც ალკოჰოლიზმი ეწოდება. ამას თან ერთვოდა დეპრესიების, ნერვოზების და სტრესული მდგომარეობის მთელი ბუკეტი, გამოწვეული საქართველოში რუსეთუმე ღრუზინების ხელით კრემლის ოკუპაციური პოლიტიკის ყველა მიმართულებით გააქტიურებით...
ეს ყველაფერი პირდაპირ, უშუალოდ და ძალიან მტკივნეულად შემეხო, საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ, სოციალურად და შემოქმედებითად აქტიურ, იმ დროისთვის პოპულარულ ხელოვან ადამიანს... სრულიად გავნადგურდი შინაგანად, მივხვდი რომ პიკია, აღსასრული დგება, ან თვითონ კრემლი და მისი რუსეთუმე კრიმინალი ღრუზინები მომიღებენ ბოლოს ჩემი შეხედულებების და აქტიური სამოქალაქო პოზიციების გამო ან უნდა მოვიკრიბო ბოლო ძალები და გავეცალო რამენაირად ამ ყველაფერს, ფიზიკურად საკუთარი თავის, შემოქმედებითი იდეების და მუსიკის გადასარჩენად...
მე ეს მეორე გზა ავირჩიე... მადლობა ღმერთს, რომ არსებობ ამერიკა, რომელმაც მომიარე, მიმკურნალე, გამომაჯანმრთელე, მიშუშებ იარებს და ახალი სიცოცხლის შანსი მომეცი... რა კარგია მეც დროზე მივხვდი, რომ შენთან სჯობს... თუმცა მანამდე ევროპული ემიგრაციებგადატანილის და გამარჯვებული დაბრუნებულის ფონზე, საერთოდ აღარ განვიხილავდი საქართველოდან ისევ წასვლას, მჯეროდა, რომ სამუდამოდ დავფუძნდი ჩემს სამშობლოში...მოკლედ, აქ, ამერიკაში სრულიად შეშლილი, დასტრესილი და მორალურად განადგურებული ჩამოვედი, მაგრამ ჩემი ცხოვრების უმთავრეს მეგობარს, მის აღმატებულებას, მუსიკას არასდროს მივუტოვებივარ...დიდი შანსი იყო, რომ ამ მდგომარეობაში მყოფს, ნარკოტიკებში მეპოვა შვება, მაგრამ ეს ყოველთვის მეზიზღებოდა ბავშვობიდან და ამიტომაც არასდროს შევხებივარ...ასე დამთავრდა ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ეტაპი და გადავწყვიტე, რომ ვიცოცხლო ჯანმრთელად, აზრიანად, შემოქმედებითად ნაყოფიერად. ვიყო მადლიერი, ვაღიარო და დავაფასო უკვე საკუთარი თავიც და აქამდე გავლილი რთული და ძალიან საინტერესო ცხოვრების გზაც...ამიტომ შევცვალე ყველაფერი და ვიწყებ კიდევ ერთხელ მთლიანად თავიდან...
ამჟამად გვერდით მუსიკა, ნამდვილი მეგობრები, ადამიანის უფლებების დამცავი კანონების ძლიერი სისტემა და თავად USA მიდგანან...ხელში უდიდესი გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ორიგინალური მუსიკალური პროექტები, რწმენა, წარმატებები, უკვე პატარ-პატარა გამარჯვებები და ახალი გლობალური შემოქმედებითი ეტაპის დასაწყისი მიჭირავს...
რაც მთავარია, გული ისევ სიყვარულით და სიცოცხლის სიხარულით მაქვს სავსე. არასდროს დავბოღმილვარ, არ გავბოროტებულვარ და არ მიცდია ვინმესთვის, თუნდაც დამსახურებული, სამაგიეროს გადახდა. ალბათ, ეს არის ჩემი ზრდა-განვითარების მთავარი გასაღები და საიდუმლო...თითქმის ყველა ფუჭი ურთიერთობა, ენერგო ვამპირი და ილუზია ჩამოვიშორე, რომელიც ხელს უშლიდა ჩემს წინსვლას!!! (ესენი უმთავრესი ფაქტორებია)უკვე ფიზიკურად და სულიერად ახალ სიმაღლეზე, სრულიად ვეკუთვნი საკუთარ თავს და მზად ვარ ახალი და საინტერესო, შემოქმედებითი თუ ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის.მჯერა, რომ ამ გლობალური გადმოსახედიდან ქართულ საქმესაც ახლა უფრო მაგრად და წარმატებულად გავაკეთებ...ეს პოსტი ეკუთვნის ყველა ჩემს ახლობელ, გულშემატკივარ, კეთილმოსურნე და უბრალოდ განვითარების გზაზე შემდგარ ადამიანს, ვისაც გულით ვუყვარვარ მოხარული ვიქნები თუ რამ გარგეთ ამ ყველაფრის გაზიარებით.
კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ადამიანზე და მის სიკეთეზე ორიენტირებულ, შესაძლებლობების და წარმატებების ქვეყანას." - წერს მუსიკოსი.