„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პორტში მივიდა და ეს ამხელა თავსლაფი ოდნავ მაინც შეგვიმსუბუქა“ - კახა ურიადმყოფელი
სამართლის დოქტორი, კახა ურიადმყოფელი ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
„კრუიზი გამოვიდა სოჭიდან - ქალაქიდან, რომელიც 1918 წელს საქართველოს შემადგენლობაში იყო.
ჩამოუარა გაგრას, ბიჭვინთას, სოხუმს, ოჩამჩირეს...
აი იმ წყლებში გამოიარა -
გემახსოვრებათ კადრები - სოხუმის პორტიდან დევნილებით გადატენილ გემს უკან ძაღლი რომ მიჰყვება ცურვით და კიდევ გემზე ვერდატეულთა სევდიანი თვალები...
ბაბუშერას აეროპორტსაც ჩაუარა გვერდი, რუსული გემიდან რომ ცეცხლი გაუხსნეს და ჩვენი მოქალაქეებით სავსე თვითმფრინავი ააფეთქეს - ეს კადრებიც ყველას გემახსოვრებათ.
ჩამოვიდა ბათუმში, სადაც ყოველ კვადრატულ მეტრზე უკვე უფრო მეტი რუსია ვიდრე ქართველი.
და ამ ყველაფრის ფონზე, კრუიზიდან გადმოსულმა მგზავრებმა განაცხადეს,
რომ რუსეთი ოკუპანტი არაა,
რომ აფხაზეთი საქართველო არაა,
რომ საქართველო საერთოდ არაფერი არაა,
გარდა ხინკლისა და ხაჩა'პურისა.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პორტში მივიდა და ეს ამხელა თავსლაფი ოდნავ მაინც შეგვიმსუბუქა“, - წერს ურიადმყოფელი.