თეგებით ძიება

„უახლოესი წარსულიც კი საკმარისია, რომ რუსეთსა და მის მთავრობას არ უნდა ვენდოთ...“ - გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასიურად შემოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„ხომ ხედავთ, რომ რუსეთის გამო ხალხი იძაბება, უფრო მეტად იხლიჩება საზოგადოება და ქსენოფობიის გაღვივებასაც ხელს უწყობს?

ხოდა, რას უშვებთ ამ რუსულ საკრუიზო გემებს ან ქორწილებს რას ახდევინებთ კრემლის დამქაშების ნათესავებს ან რატომ იღებთ მისგან თაფლაკვერებს?

უახლოესი წარსულიც კი საკმარისია, რომ რუსეთსა და მის მთავრობას არ უნდა ვენდოთ და მათი თაფლაკვერები, სინამდვილეში შხამკვერებია.

არ გახსოვთ ეს წარსული? გაგახსენებთ:

1993 წელს აფხაზეთთან გაგვაფორმებინა სამშვიდობო ხელშეკრულება, ჯარი გამოგვაყვანინა, მერე ადგილობრივები შეაიარაღა და ტერიტორია წაგვართვა.

2006 წელს მილის აფეთქების მომიზეზებით გაზი გადაგვიკეტა და ეკონომიკური სანქციები დაგვიწესა, დამოუკიდებლად ნუ იქცევითო.

2008 წელს ცხინვალში ჯარი შემოიყვანა და ომი დაგვიწყო.

2019 წელს გავრილოვის გამო ისევ სანქცია დაგვიწესა.

უფრო შორეულ წარსულში 1989 წლის 9 აპრილი იყო, 1989 წლის ლიხნის წერილი იყო, 1977-78 წლებში მშობლიური ენის წართმევის მცდელობა იყო, 1956-ში ხალხი დახვრიტეს თბილისში. კი, ეს ბოლო ფაქტები კრემლის დაკვეთით კეთდებოდა, მაგრამ რუსული საქმე იყო.

რუსეთი არ იყო, 1801 წელსა და 1921 წელს დამოუკიდებლობა რომ წაგვართვა? 1812-ში ქართული ეკლესიაც ზედ მიაყოლა.

ამ ქვეყანას ჩვენი გახარება-განვითარება არ უნდა. ეს თაფლაკვერები კი ისეთივე სატყუარაა, როგორც სათაგურის ყველი თაგვისთვის.

რაღაცაზე უარი მაინც თქვით, თუნდაც იმის გამო, რომ ქართულ საზოგადოებაში დაძაბულობა არ იყოს.

თუნდაც იმის გამო, რომ უკრაინაში ახლა ომია და ცივილიზებული სამყარო რუსეთს ყველანაირ ბერკეტს უზღუდავს, თუნდაც იმის გამო, რომ შენც ღირსეული დარჩე და არა მონურმორჩილებიანი“, - წერს ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა