რუსეთში ჯარში გაწვევის ასაკი 30 წლამდე გაიზარდა
რუსეთში ჯარში 18-დან 30 წლამდე ასაკის მოქალაქეებს გაიწვევენ. აღნიშნული კანონი რუსეთის დუმამ 25 ივლისს მიიღო. ინფორმაციას "ინტეფრაქსი" ავრცელებს.
თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ გაზრდიდნენ გაწვევის ასაკის ქვედა ზღვარსაც: 18-დან 21 წლამდე, თუმცა, მოგვიანებით კომიტეტმა გადაწყვიტა, ეს არ გაეკეთებინა. მიზეზად კი ის ფაქტორი დასახელდა, რომ დემოგრაფიული ვითარების გამო რუსეთის სულ უფრო ნაკლებ მოქალაქეს იწვევენ ჯარში.
მანამდე ფედერაციის საბჭოს ორი კომიტეტის ხელმძღვანელები - ვიქტორ ბონდარევი და ანდრეი კლიშასი ეწინააღმდეგებოდნენ გაწვევის ასაკის ქვედა ზღვრის შენარჩუნებას ზედას გაზრდის შემთხვევაში. ამასთან, ისინი გამოვიდნენ წინადადებით, საკუთარი სურვილით ნებადართული იყოს სამხედრო სამსახურის დაწყება 18 წლიდან. თუმცა, მოგვიანებით ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ პარლამენტის ზედა პალატა მხარს დაუჭერს სახელმწიფო დუმის ინიციატივას.
28 ივლისს გამართულ შეხვედრაზე რეფორმასთან დაკავშირებული სხვა კანონპროექტებიც მოიწონეს. საუბარია კანონზე, რომელიც კრძალავს მობილიზებულთა და წვევამდელთა საზღვარგარეთ გამგზავრებას გაწვევის უწყების გადაცემის მომენტიდან. სამხედრო კომისარიატში გამოუცხადებლობისთვის ჯარიმა 10-ჯერ გაიზარდა. ახლა ის 500-დან 3000 რუბლამდეა.