აშშ-მ საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა
აშშ-ის სენატმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის დანიშვნას ზეპირი კენჭისყრით მხარი დაუჭირა. დანიგანი აღნიშნულ თანამდებობაზე კელი დეგნანს ჩაანაცვლებს.
ცნობისათვის, დანიგანს მანამდე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
მანამდე იგი მუშაობდა ვენაში, ავსტრიაში, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი და მისიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ის იყო ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილე. დანიგანი მუშაობდა აშშ-ს საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.
დანიგანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრავალი ჯილდოს მფლობელი. ის კალიფორნიის მკვიდრია. არის ომის ეროვნული კოლეჯის წარჩინებული კურსდამთავრებული, სადაც მიიღო მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. მან ასევე მიიღო მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან და მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.
საუბრობს ესპანურ და გერმანულ ენებზე. რობინ დანიგანი საქართველოში კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად 2020 წლიდან მუშაობს.