სუს-ის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი თავისუფალი არიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-ის ცნობით, ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
„აღნიშნული პირების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა ცხელი ხაზის მეშვეობით. პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. გარდა ამისა, მათი უკანონო დაკავებისა და დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.