ფრანგულის პედაგოგს, რომელიც საფრანგეთში წასვლაზე ოცნებობდა, სურვილი აუხდება
სოფელ არალში მცხოვრები ეთერ აფრიამაშვილი, რომელიც ფრანგულ ენას 45 წლის განმავლობაში ასწავლიდა, მაგრამ საფრანგეთში არასდროს იყო ნამყოფი, საოცნებო ქვეყანას მოინახულებს. ამაში მას საფრანგეთში საქართველოს საელჩო დაეხმარება.
„სამხრეთის კარიბჭე“ პირველი მედია საშუალება იყო, რომელმაც ფრანგულის მასწავლებლის შესახებ ვრცელი მულტიმედიური მასალა მოამზადა. სწორედ ამ ინტერვიუში თქვა პედაგოგმა, რომ მთელი ცხოვრება საფრანგეთში წასვლაზე ოცნებობდა და ამ საოცნებო ქვეყანას მხოლოდ ფოტოებიდან, ფილმებიდან და იმ სუვენირებიდან იცნობს, საფრანგეთიდან მისთვის ახლობლებს რომ ჩამოაქვთ.
ეთერ აფრიამაშვილის აუხდენელ ოცნებას ინტერნეტ სივრცეში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა: „იქნებ რომელიმე ტურისტულმა კომპანიამ აუსრულოს ამ ქალს ოცნება“, „ვინმე ბიზნესმენმა იქნებ დააფინანსოს და გავაგზავნოთ“, „ანგარიში გავხსნათ და ავუსრულოთ ოცნება, ხალხო“, – იწერებოდნენ ქსელის მომხმარებლები.
სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ეთერ აფრიამაშვილს ოცნების ასრულებაში საფრანგეთში საქართველოს საელჩო დაეხმარება.
„საელჩოდან დაგვირეკეს, გვითხრეს, რომ ეთერს ოცნებას აუსრულებენ და საფრანგეთში წაიყვანენ, მეტი დეტალი არ ვიცით, პარასკევს გავიგებთ. მადლობა, ეს თქვენი დამსახურებაა“, – უთხრა „სამხრეთის კარიბჭეს“ ეთერის ოჯახის წევრმა.
რედაქცია დაუკავშირდა საფრანგეთში საქართველოს საელჩოსაც, რომელმაც ფაქტი დაადასტურა: „დიახ, მართალია, დავუკავშირდით შვილს, რადგან გვინდოდა სიურპრიზად შეგვენახა. დღეს გვექნება ვრცელი ამასთან დაკავშირებით საუბარი“, – გვითხრეს საელჩოში.
გარდა საელჩოსი, თავისი წვლილის შეტანა უნდა ტურისტულ კომპანია „თრეველისტას“. სააგენტო მზადაა პედაგოგის ოცნების ასასრულებლად ავიაბილეთები გადასცეს: „ავიაბილეთებს ვაფინანსებთ ჩვენ და დანარჩენ ხარჯებს, ალბათ უკვე სხვა ჯგუფები აიღებენ. გამოხმაურება საკმაოდ დიდი იყო. რაც შეეხება თარიღებს, გვინდა, ისე მოვარგოთ, რომ ქალბატონი თავის დაბადების დღეს საფრანგეთში შეხვდეს და მასთან ერთად მისი მეუღლეც გაემგზავროს“, – ამბობს „თრეველისტას“ დირექტორი, მარიამ ნაროუშვილი.
წყარო: sknews.ge