თეგებით ძიება

ფესტივალი „არტ-გენი 2023“ დასრულდა (ფოტოები)

მე-20 საიუბილეო ფესტივალი „არტ-გენი“ გუშინ, 30 ივლისს, ნიაზ დიასამიძის კონცერტით დასრულდა. 

დასკვნით საღამოზე მსმენელმა სცენაზე არაერთი ქართველი შემსრულებელი იხილა. 

ფესტივალი რეგიონალური ტურნეთი დაიწყო - 1 ივლისს დმანისში, ხოლო 7 ივლისს რუსთავში გაიმართა. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ფესტივალმა სტარტი 20 ივლისს აიღო და ეთნოგრაფიულ მუზეუმში 7 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თამარ მელიქიშვილი („არტ-გენის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი): „წლევანდელი „არტ-გენი“ ჩვეთვის საიუბილეოა. 20 წელი ნამდვილად არ არის სახუმარო თარიღი. ბედნიერებაა, რომ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც წარსული აწმყოს ხვდება. სადაც მხოლოდ სიყვარულია და ის ემოცია, რასაც ჰქვია „ვინ ვართ ჩვენ და საიდან მოვდივართ“. გვახარებს, რომ ისევ მოდის ხალხი, როგორც ახალგაზრდები, ისე  ასაკოვანი ადამიანები და ყველა ბედნიერია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ისეთ ტრადიციები, რომელიც დღესაც ცოცხალია და თანამედროვეობაშიც კი ჩვენს იდენტიფიკაციას ხაზს უსვამს“.

თორნიკე ფსუტური (ფესტივალის ორგანიზატორი): წლევანდელი „არტ-გენი“ გამორჩეული იყო იმით, რომ ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი გვყავდა. იაპონელმა იცეკვა „ყაზბეგური“, ასეთი შემთხვევა არ გვქონია აქამდე... სტუმრები გვყავდა ამერიკიდან, საფრანგეთიდან, მადაგასკარიდანაც კი“.

თეონა ჭულუხაძე (მომღერალი): „უკვე წლებია სიამოვნებით ვესწრები ამ ფესტივალს, არა მხოლოდ როგორც მონაწილე, არამედ ყოველდღიური სტუმრის სახით. ეს არის საოცარი გარემო, სადაც არის ქართული სული“.

ნინა ოსტაპენკო (ფესტივალის სტუმარი): „დღევანდელი საღამო ძალიან შთამბეჭდავი იყო. ვფიქრობ, ყოველთვის მემახსოვრება ეს დღე. დღეს იყო ნიაზ დიასამიძის კონცერტი და ძალიან დიდი მადლობა მას ამ უდიდესი ენერგიისთვის, შთაბეჭდილებისთვის და ზოგადად მისი შემოქმედებისთვის“.

თიკო გულბანი (ფესტივალის სტუმარი): შესანიშნავი ფესტივალია. ყველა თავს იყრის, გაცნობის მომენტია, ყველა ბედნიერია... მონაწილეობენ ცნობილი ქართველი  შემსრულებლები... რაც ყველაზე მნიშვნელოვანია „არტ-გენი“ ყოველთვის ემსახურება ქართულ ტრადიციულ კულტურას. ესაა ქართული გენია“.

ეკატერინე ჭანყოშვილი (ფესტივალის მონაწილე): „წლებია „არტ-გენი ტარდება“ და თითქმის ყველა წელს ვესწრები. ძალიან მიყვარს ეს ღონისძიება, რადგან ქართული ფოლკლორისა და ქართული ნაწარმის პოპულარიზაცია ხდება. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვმნელოვანია“. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა