რა აქვს სამშობლოს დასაცავი იმ ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა? რასაც ვხედავთ ფარისევლობაა - კახა კალაძე
თბილისის მერი, კახა კალაძემ ბათუმის პორტში გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსვლა პრობლემას არ წარმოადგენს.
"სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა?! ჩვეულებრივ შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეებს შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით. იცით, რომ ხმელეთით წლების განმავლობაში შესაძლებელი იყო შემოსვლა, არსებობდა პირდაპირი ფრენები, ასევე შესაძლებელია ხომალდით შემოვიდნენ, რამდენიმე საათი დაჰყონ, დახარჯონ თანხები, საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. ის რასაც ჩვენ ვხედავთ არის ფარისევლობა, იმიტომ რომ გვახსოვს, წლების წინ, მაშინ როდესაც 2008 წლის ომი იყო და ყველამ ვიცით, რამხელა უბედურება ტრიალებდა ჩვენს ქვეყანაში, მესამე მეოთხე დღეს ის ადამიანები, ვინც დღეს აპროტესტებენ რუსი ტურისტების შემოსვლას, წერილებს აგზავნიდნენ რუსეთში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეწყოთ, კონცერტები გაემართათ, გვახსოვს, მათი ბელადი პრეზიდენტი ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, მიესალმებოდა, მაშინ არ მახსოვს, სააკაშვილს რომელიმე მათგანისთვის კითხვა დაესვა, აფხაზეთი საქართველოა თუ არა.
[...]
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს პირველ რიგში დაცული", - განაცხადა კალაძემ.