ვითხოვთ, დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ევროპულის ნაცვლად მივიღეთ რუსული კრუიზი - ლევან ხაბეიშვილი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ბათუმში მიმდინარე აქციაზე დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
მისი ინფორმაციით, დაკავებული 23 მოქალაქეიდან, 10-მდე პარტიის წევრია.
"ევროპული კრუიზის ნაცვლად ბათუმში მივიღეთ რუსული კრუიზი და ბიძინა ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს სურს საქართველო გადააქციოს რუსეთის უკანა ეზოდ. დაკავებულია პუტინის გაპროტესტებისთვის, ოკუპანტის გაპროტესტებისთვის 23 ადამიანი, აქედან 10-მდე არის ნაციონალური მოძრაობის წევრი, არიან სხვა პარტიის წარმომადგენლებიც, სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები და ჩვენ ვითხოვთ ამ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. წარმოუდგენელია, ქვეყნის 20% იყოს ოკუპირებული და ოკუპაციის გაპროტესტებისთვის, პუტინის გაპროტესტებისთვის ადამიანებს უშვებდნენ ციხეში და საზოგადოებამ ნახა, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა მაღრაძე-დგებუაძე-ბესელიას ტროიკა, მათივე ენაზე რომ ვთქვათ", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს გამთენიისას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები. მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ.
რუსებმა ლაინერი დატოვეს, ისინი პოლიციამ რუსი ტურისტები ტერიტორიიდან მიკროავტობუსით გაიყვანა. პროტესტის ნიშნად, მოქალაქეებმა ავტობუსს ბოთლები და კვერცხები დაუშინეს.
როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას ჯამში 23 პირი დააკავა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.