თეგებით ძიება

რატომ იღვიძებს ზოგი ადამიანი ყოველ ღამით ერთსა და იმავე დროს? - მეცნიერების დასკვნა

თუ ღამის 3-4 საათზე ხშირად გეღვიძებათ და ფიქრების კორიანტელს თავს ვერ აღწევთ, მარტონი ნამდვილად არ ხართ. ეს ფენომენი ადამიანებში საკმაოდ გავრცელებულია, რაც პანდემიამ მეტად გაამწვავა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სანამ ამის გამომწვევ მიზეზებზე ვისაუბრებთ, უნდა აღინიშნოს, რომ ღამის განმავლობაში ისედაც ბევრჯერ ვიღვიძებთ, განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში, რადგან ამ დროს მსუბუქი ძილის ფაზაში ვართ. ამის მიუხედავად, ასეთი შემთხვევები, როგორც წესი, არ გვამახსოვრდება.

სხვანაირადაა საქმე, როცა რაიმე სტრესს განვიცდით. ეს უფრო მეტად გვაფხიზლებს და შუაღამისას ჭერზე მიჩერებულს გვტოვებს. იგივე გავლენა აქვს, მაგალითად, სუფთა ჰაერის ნაკლებობასაც.

ახლა კი გადავიდეთ მთავარზე: მაშ, რა ხდება ღამის 3-4 საათზე?

ადამიანთა დიდი ნაწილი 11-დან 12 საათამდე პერიოდში იძინებს და დილის 7-8 საათზე იღვიძებს. შუალედში ჩვენი ორგანიზმის ტემპერატურა იმატებს, ძილიც ისეთი ღრმა აღარაა, სხეულში მელატონინის საკმარისი რაოდენობა უკვე გამოყოფილია, სტრესის ჰორმონ კორტიზოლის დონე კი იზრდება.

„ღამის განმავლობაში ძილის ციკლი თვალების სწრაფის მოძრაობის ფაზიდან (REM) საპირისპირო ფაზაში (non-REM) გადადის. თითოეულ მათგანს საკუთარი, განსხვავებული ზღვარი გააჩნია, რომლისთვისაც მარტივად გაღვიძებაა დამახასიათებელი.

ყოველ ღამით ერთსა და იმავე დროს გაღვიძების სავარაუდო ახსნა ისაა, რომ ასევე ერთსა და იმავე დროს ვიძინებთ, შესაბამისად, მსუბუქი ძილის ფაზასაც გარკვეულ საათებში ვაღწევთ და ვფხიზლდებით", - აცხადებს მეცნიერი ანესა დასი.

ეს შესაძლოა, შემაწუხებელ სიზმრებსაც უკავშირდებოდეს, რომლებიც განვლილი დღის ამბებს ან მომდევნო დღის გეგმებს ეხება. ასეთი საფიქრალი ტვინის გააქტიურებას იწვევს, რაც დასვენებაში ხელს გვიშლის.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ დაძინებამდე გეგმები ჩამოვწეროთ, რათა ამაზე ფიქრი ძილში არ ჩაგვყვეს. 2018 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტიანია. მაგრამ თუ მსგავსი პრობლემა 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გაწუხებთ, სჯობს, ექიმს მიმართოთ და ინსომნიის მკურნალობაზე იზრუნოთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა