ბათუმში გამართული აქცია ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბათუმში გამართულ აქციას "პროვოკაციას" და "ანტისახელმწიფოებრივს" უწოდებს.
"გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო, უკიდურესად შფოთავენ საქართველოს არაკეთირმოსურნეები პირველ რიგში, კოლექტიური ნაცმოძრაობა და მისი უცხოელი პატრონები. სწორედ ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები და ყველა პოლიტიკური კამპანია, რომელიც საქართველოში ტურისტული ნაკადების ხელოვნურად შემცირებას ისახავს მიზნად. ყველას კარგად გვახსოვს, ლარსის გამშვებ პუნქტზე პირადად როგორ ეგებებოდა რუს ტურისტებს კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც 3 წლის თავზე, როგორ გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
ყველას გვახსოვს როგორ საუბრობდნენ იმავე პერიოდში, ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები, რუსი ტურისტებისა და რუსეთთან ვაჭრობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ფარისევლობა და ფსევდო ანტირუსების ორმაგი სტანდარტი ცხადად მიანიშნებს, რომ ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, მათ შორი გუშინ ბათუმში გამართული აქცია მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს გამთენიისას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები. მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ.
რუსებმა ლაინერი დატოვეს, ისინი პოლიციამ რუსი ტურისტები ტერიტორიიდან მიკროავტობუსით გაიყვანა. პროტესტის ნიშნად, მოქალაქეებმა ავტობუსს ბოთლები და კვერცხები დაუშინეს.
როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას ჯამში 23 პირი დააკავა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.