"მონდომება და შრომისმოყვარეობა არასოდეს დაგვეკარგება" - გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური შეფასება მიიღეს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. დღეს აბიტურიენტებმა შედეგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიგეს. გაგაცნობთ მომავალ სტუდენტებს, რომლებმაც მაქსიმალური, 60 ქულის მიღება შეძლეს:
ნია ჩაჩანიძე სკოლა "ოპიზას" კურსდამთავრებულია. ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასების, 60 ქულის მიღება შეძლო. ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. ამბობს, რომ შედეგის მიღწევა შრომისმოყვარეობისა და სისტემატური მუშაობის შედეგია:
- ეს საკმაოდ დიდი შრომის შედეგია, მოვინდომე, ბევრი რამ წავიკითხე და სისტემატურად ვმუშაობდი. მასწავლებელთანაც დავდიოდი და საბოლოოდ, ყველაფერმა ერთად, გაამართლა. საუკეთესო მასწავლებელი მყავდა და ამ შედეგში მისი როლი ძალიან დიდია. მშობლებიც მაქსიმალურად მეხმარებოდნენ და მგონია, მათ გარეშე არაფერი გამომივიდოდა. უმაღლესი შედეგის მისაღწევად ზოგად განათლებას, კლასგარეშე ლიტერატურის წაკითხვას, ფილმების ნახვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მასწავლებელი ხშირად გვირჩევდა, რა ტიპის მასალისთვის მიგვექცია ყურადღება. თავად ფილმების ყურებაც ძალიან მიყვარს და არგუმენტირებულად დასაბუთების ნაწილში, ბევრი მაგალითის მოყვანა შევძელი. მომავალ აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, რომ თუკი რაიმე სურვილი აქვთ, ყველაფრის ასრულებას შეძლებენ, მთავარია, მოინდომონ და შრომა არ დაეზაროთ.
კიდევ ერთი აბიტურიენტი, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური შეფასების მიღება შეძლო, ნინი აბჟანდაძეა. მან თერჯოლის რაიონში, ახალთერჯოლის საჯარო სკოლა დაამთავრა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით გეგმავს სწავლის გაგრძელებას:
- რა თქმა უნდა, ეს დაუღალავი შრომის შედეგია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ჩემი დამსახურებაა. ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა და დიდ მოტივაციას მაძლევდა. საკუთარი თავის მჯეროდა, მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობდი. რაკი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა პირველი იყო, განსაკუთრებით ვღელავდი. მაქსიმალურ შეფასებას არ ველოდი, მაგრამ, როგორც ჩანს, შრომამ, მასწავლებლის ძალისხმევამ გაამართლა და დავრწმუნდი, რომ მონდომება და შრომისმოყვარეობა არასოდეს დაგვეკარგება. თემის წერისას ბევრი სხვადასხვა ციტატა, არგუმენტი გამახსენდა და ვფიქრობ, ზოგად განათლებასაც დიდი როლი აქვს. ტექსტის რედაქტირებაც უშეცდომოდ დავწერე. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ნერვიულობა თან სდევს, მაგრამ მთავარია, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გვჯეროდეს, ვიშრომოთ და ბოლოს შედეგს აუცილებლად ვნახავთ.
ბარბარე ფანცხავამ ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე სკოლა დაამთავრა. კომპიუტერულ მეცნიერებებზე გეგმავს სწავლის გაგრძელებას. ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასების მიღება შეძლო და ამბობს, რომ ეს მრავალწლიანი მუშაობის შედეგია:
- ვფიქრობ, უმაღლესი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ სკოლის წლებში პროგრამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და მხოლოდ მე-12 კლასში არ გადავწყვიტოთ ერთიანად ყველაფრის შესწავლა. რა თქმა უნდა, დიდი მონდომების შემდეგ, სასურველი შედეგის მიღწევა ასეც შესაძლებელია, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში ვმუშაობდი, კარგად ვსწავლობდი, ძალიან დამეხმარა. ბოლო წელი რეპეტიტორთანაც დავდიოდი. წიგნების წაკითხვა განსაკუთრებით მიყვარს და არგუმენტების ჩამოყალიბებისას ესეც დამეხმარა. მასწავლებელი დიდ მოტივაციას მაძლევდა და ვცდილობდი, მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემი შესაძლებლობები. ოჯახის წევრები საკმაოდ მშვიდ გარემოს მიქმნიდნენ და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. მომავალ აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, ხშირად ის ფონი, რაც სოციალურ ქსელებში გამოცდებთან დაკავშირებით იქმნება ხოლმე, გადაჭარბებულია, ნუ ინერვიულებთ, შეეცადეთ, თქვენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენოთ და სასურველ შედეგსაც მიიღებთ.
წყარო - mshoblebi.ge