როგორ ხიბლავდნენ ქართველი ძმები მსოფლიოს უმდიდრეს და ულამაზეს ქალებს?
სერგო, დავითი და ალექსი ... მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში ეს სახელები გაზეთების პირველი გვერდებიდან არ ჩამოდიოდა. ჟურნალისტები დაწვრილებით აღწერდნენ გენერალი ზაქარია მდივანისა და ელისაბედ სობოლევსკაიას შვილების მდიდრულ ქორწილებს ულამაზეს მსახიობებთან და ცნობილი ბიზნესმენების მემკვიდრეებთან - ქორწილებს, რომლებმაც სიმპათიურ ქართველ მამაკაცებს საერთო ჯამში, ნახევარი მილიარდი დოლარი მოუტანა.
ისინი ხუთნი იყვნენ - სამი ძმა და ორი და: დავითი, სერგეი (სერჟი), ალექსეი, ნინა და რუსუდანი (იზაბელი). 1923 წელს საქართველოდან საფრანგეთში ემიგრაციაში წასული გენერალ-მაიორი ზაქარია მდივანის შვილებმა მსოფლიოს თავი ქართველ თავადიშვილებად გააცნეს, თუმცა ბევრი მათ თვითმარქვიებს უწოდებდა.
ოჯახს კეთილშობილთა ტიტული უმცროსმა ვაჟმა, ალექსიმ მოუტანა. ემიგრაციაში ყოფნის დროს მან შესაბამისი ცნობის გაცემა ასევე ემიგრაციაში მყოფ დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტს, ნოე ჟორდანიას თხოვა, მაგრამ უარი მიიღო, სამაგიეროდ, პრეზიდენტის თანაშემწე დათანხმდა.. ასე იქცნენ მდივნები ქართველ თავადებად და რადგანაც თავადი სააფრანგეთში პრინცად იწოდება, ამერიკაში ქართველი ემიგრანტები სამეფო სახლის შთამომავლებად მიაჩნდათ.
ზაქარია მდივანის სამივე ვაჟი მამაკაცური სილამაზის ეტალონს წარმოადგენდა. მიმზიდველი გარეგნობის, კარგი მანერებისა და „სამეფო წარმომავლობის“ დამსახურებით ძმებმა ყველაზე ცნობილ და სასურველ ამერიკელ ქალბატონებზე დაქორწინება მოახერხეს. მდივნებმა სახელი ამერიკელი მილიონერების შვილებთან და ჰოლივუდის ლამაზმანებთან ქორწინებებითა და განქორწინებებით გაითქვეს. მათ ზედმეტსახელად Marrying Mdivanis (მექორწილე მდივნები) კი შეარქვეს.
რაში მდგომარეობდა ქართველი ძმების წარმატების საიდუმლო? გარდა იმისა, რომ თვითმარქვია „პრინცები“ და სიმპათიურები იყვნენ, ისინი შესანიშნავად ფლობდნენ ცდუნებისა და პირფერობის ხელოვნებას.
ალექსის ცოლი, კინომსახიობი პოლა ნეგრი წერდა: „არასოდეს შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც მათსავით კარგად ფლობდა ცდუნების და პირფერობის ხელოვნებას. ჩვენს რეალისტურ, იუმორისგან დაცლილ ეპოქაში ეს ისეთი იშვიათობაა.. სწორედ ამაში მდგომარეობდა ძმები მდივნების ხიბლის საიდუმლო.. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე“.
მოდი, გავეცნოთ ქართველი ძმების „მიღწევათა“ ჩამონათვალს.
დავით მდივანი (1902-1984)
1926 წელს დავითი პირველად დაქორწინდა. მისი რჩეული ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი, ახლად შექმნილი კომპანია „მეტრო-გოლდვინ-მაიერის“ ვარსკვლავი, მეი მიურეი გახლდათ. დავითზე 16 წლით უფროსი მეისთვის ეს მეოთხე ქორწინება იყო. მსახიობმა მდივანს ვაჟი გაუჩინა, მაგრამ კარიერის გამო ამ ფაქტს ორი წლის განმავლობაში მალავდა. „ქართველი პრინცის“ სიყვარული მეის გაკოტრებისთანავე დასრულდა, რაც მთლიანად დავითის დამსახურება გახლდათ. სწორედ მან აიძულა მეი „მეტრო გოლდენ მაიერის“ მომსახურეობაზე უარი ეთქვა და პროდიუსერობა თავად შეეთავსებინა. ორი წლის შემდეგ მეი ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა და პროფესია დაკარგა. ყველაფერთან ერთად, დავითმა მისი 3 მილიონი დოლარი მთლიანად გაფლანგა. ცოლ-ქმარი ერთმანეთს 1933 წელს, დიდი სკანდალით დაშორდა. ქალს ამდენ უბედურებასთან გამკლავება გაუჭირდა და ფსიქიკა შეერყა. მეი მიურეიმ სიცოცხლის ბოლო წლები მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. ქალი ირწმუნებოდა, რომ დავითი საშინლად ეჭვიანი იყო და ხშირად სცემდა.
მიურეისთან განქორწინების შემდეგ დავით მდივანი ფრანგული კინოს ვარსკვლავს არლეტს დაუახლოვდა. ქალი მალე დაორსულდა, მაგრამ როცა დავითისა და მეი მიურეის ოჯახური დრამის შესახებ გაიგო, აბორტი გაიკეთა.
დავით მდივანის მესამე ცოლი უდიდესი ნავთობკომპანია Sinclair Oil– ის პრეზიდენტის ქალიშვილი ვირჯინია სინკლერი გახდა. წყვილს მალე ვაჟი შეეძინა, თუმცა ეს ქორწინებაც ხანმოკლე აღმოჩნდა. განქორწინების ინიციატორი ამჯერადაც ცოლი აღმოჩნდა, რომელმაც დავითი უმიზეზო ეჭვიანობაში, ფიზიკურ ძალადობაში და ქონების გაფლანგვაში დაადანაშაულა.
ვირჯინია სინკლერთან განქორწინების შემდეგ დავითის კვალი იკარგება. სავარაუდოდ, „ქართველმა პრინცმა“ კიდევ რამდენიმე ქორწინება მოასწრო, რადგან 83 წლამდე იცოცხლა.
სერჟ მდივანი (1903-1936)
შუათანა ძმის პირველი სიყვარელი მუნჯი კინოს ვარსკვლავი პოლა ნეგრი იყო. წყვილი 1927 წელს დაქორწინდა. სერჟმა ცოლი ორი წლის შემდეგ მიატოვა, როგორც კი ამერიკული საფონდო ბირჟის დაშლის შემდეგ, პოლამ მთელი ქონება დაკარგა (5 მილიონი დოლარი, ვილა ბევერლი ჰილზში, ციხე-კოშკი პარიზის მახლობლად და ვილები ფრანგულ რივიერაზე).
გაზეთები წერდნენ, რომ სერჟ მდივანი ანგარებიანი ადამიანი და უსინდისო ალფონსია, მაგრამ ქალების გულთამპყრობელს ეს ნაკლებად ადარდებდა. ის უკვე გაცილებით წარმატებულ და შესაბამისად, მდიდარ კინოვარსკვლავს, გლორია სვენსონს ხვდებოდა, თუმცა სულ სხვა ქალბატონზე - ოპერის მომღერალ მერი მაკკორმიკზე დაქორწინდა. მეორე ქორწინებაც პირველის მსგავსად, დაახლოებით ორი წელი გაგრძელდა.
1936 წლის თებერვალში სერჟი მდიდარ ქვრივზე, თავისი განსვენებული ძმის პირველ ცოლზე - ლუიზა ასტონ ვან ალენზე დაქორწინდა და ერთი თვის თავადაც ძმის კვალს გაჰყვა - პოლოს თამაშის დროს საკუთარმა ცხენმა მოკლა.
ალექს მდივანი (1908-1935)
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ალექსის პირველი ცოლი ამერიკელი ბეწვის მწარმოებელი კომპანიის მფლობელის ქალიშვილი ლუიზა ასტონ ვან ალენი გახდა. ეს ქორწინება მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა - ალექსის ყურადღება ამჯერად ორასიმილიონიანი ქონების მფლობელის ქალიშვილმა, ბარბარა ვულვორთ ჰატონმა მიიქცია. ქორწილი, რომელიც პარიზში გაიმართა, ჰატონებს მილიონი დოლარი დაუჯდათ.
სხვათა შორის, ქართველი თავადი ნიკო დადიანი ცდილობდა აეხსნა ფრანგებისთვის, რომ საქმრო თავადი კი არა, თვითმარქვიაა, მაგრამ მას არავინ მოუსმინა.
ქორწინების პირველ თვეებში ბარბარა ჟურნალისტებს ქმრის შესახებ აღფრთოვანებული უყვებოდა. „ქორწილის შემდეგ ამერიკელები თავიანთ სამსახურებს უბრუნდებიან და ცოლებს ივიწყებენ, მაგრამ ალექსი ასეთი არაა. იცით,პრინცესად ყოფნა ძალიან სასიამოვნოა.“
ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად, მდივანმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ორი წლის შემდეგ ცოლს გაშორდა.
„ჩვენ მშვიდობიანად დავცილდით. ჩემთვის ალექსი ერთ -ერთ საუკეთესო ადამიანად რჩება, ვინც ოდესმე ვიცნობდი“ - თქვა ბარბარა ჰატონმა.
1935 წლის ზაფხულში ალექს მდივანი სალვადორ დალისთან და ახალ შეყვარებულთან - ბარონესა მოდ ფონ თისსენ-ბორნემისასთან ერთად ესპანეთში, სიძის ვილაში ისვენებდა. 11 აგვისტოს ისინი ბარბარას ნაჩუქარი „როლს-როისით“ სასეირნოდ წავიდნენ. ალექსმა, როგორც ყოველთვის, სიჩქარეს გადააჭარბა და კედელს შეასკდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ბარონესამ ოდნავ დაშავდა, მდივანი კი ადგილზე გარდაიცვალა.
რა თქმა უნდა, ზაქარია მდივანის ქალიშვილებს განსხვავებული ცხოვრების წესი ჰქონდათ, თუმცა ქმრები მათაც გულდასმით შეარჩიეს.
ნინა მდივანი (1900-1987) პირველად 1925 წელს დაქორწინდა. მისი რჩეული სტენფორდისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების 48 წლის პროფესორ ჩარლზ ჰაბერიჩი გახლდათ. ნინა პროფესორს 1936 წლის 19 მაისს გაშორდა და იმავე წლის 18 აგვისტოს სერ არტურ კონან დოილის ვაჟზე, დენის კონან დოილზე დაქორწინდა. 1955 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ ნინამ კიდევ ერთხელ იქორწინა. ამჯერად მისი რჩეული ქმრის მდივანი ენტონი ჰარვუდი აღმოჩნდა.
იზაბელ (რუსუდან) მდივანმა (1902–1938) სახელი იმით გაითქვა, რომ პოეტების მუზასა და მფარველს, ლიტერატურული და მუსიკალური სალონების დიასახლისს მისი სერტს მდიდარი ქმარი წაართვა. მისიმ ქმართან განშორება განქორწინების შემდეგაც კი არ ისურვა და დაახლოებით 10 წლის განმავლობაში სამივე ერთად ცხოვრობდა, სანამ 1938 წელს იზაბელი ტუბერკულოზით არ გარდაიცვალა.