"მახსოვს დედა, რომელიც შვილებს ეძებდა, ორ ბიჭს, ერთი დაიღუპა. მახსოვს, როგორ მოვატყუე, რომ მისი ორივე შვილი ცოცხალი იყო" - ნატალია ბერულავას ემოციური პოსტი აგვისტოს ომზე
ჟურნალისტი, ნატალია ბერულავა სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის პერიოდს იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"და ისევ დადგა აგვისტო ... და როგორც ყოველთვის ამ ბოლო 15 წლის განმავლობაში, ისევ დამეწყო უძილო ღამეები. ისევ ჩამესმის ყურში რუსული ვერტმფრენების საზარელი ხმა... თითქოს ისევ ღრჭიალებენ ქალაქის ქუჩებში ტანკები ... თუმცა 15 წელი გავიდა. 15 წელი. ამ წლებმა ვერაფერი ვერ შეცვალა. ვერაფერი ვერ დამავიწყა. მე მახსოვს აგვისტო. მე მახსოვს ყველა გმირი, რომელიც შეიწირა ამ ომმა. მე მახსოვს ათასობით დევნილი... მე მახსოვს დედა, რომელიც შვილებს ეძებდა, ორ ბიჭს, ერთი დაიღუპა. მახსოვს, როგორ მოვატყუე რომ მისი ორივე შვილი ცოცხალი იყო... მე მახსოვს აგვისტო!
რუსეთი ოკუპანტია! და იქნება მანამ, სანამ ფსოუზე და ცხინვალში საქართველოს სახელმწიფო დროშა არ აფრიალდება ! ეს ჩვენი თაობის საქმეა! მე მჯერა! ჩვენ გავიმარჯვებთ!
გვახსოვდეს აგვისტო!
დიდება გმირებს!
დიდება საქართველოს", - წერს ჟურნალისტი.