თეგებით ძიება

ბედნიერია ერი, რომელსაც თქვენნაირი სულიერი წინამძღოლი ჰყავს - რას ამბობს მეუფე შიო პატრიარქზე?

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მრავალი წლის განმავლობაში თქვენი მოწამეობრივი მსახურება ყოველი ჩვენგანისთვის თავგანწირვისა და სიყვარულის თვალსაჩინო მაგალითია. ბედნიერია ერი, რომელსაც თქვენნაირი სულიერი წინამძღოლი ჰყავს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ილიაობის დღესასწაულზე მისალოცი სიტყვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქის ყოველი ქადაგება სასოებითა და სიყვარულით არის გაჯერებული.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ! დღეს მართლმადიდებელი ეკლესია თქვენი მფარველი წმინდანის, დიდი წინასწარმეტყველის - წმინდა ილია თეზბიტელის და წმინდა ილია მართლის ხსენებას აღნიშნავს. ნება მიბოძეთ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრების სახელით გულითადად მოგილოცოთ ეს დღესასწაული.

განსაკუთრებულია ქართველი ერის სიყვარული წმინდა ილია თეზბიტელისადმი, ვინაიდან მისი ხალენი, რომლითაც იგი დიდ სასწაულებს აღასრულებდა, სვეტიცხოვლის ტაძარში, მისი სახელობის ეკვდერშია დაფლული.

თქვენ არაერთგზის აღგინიშნავთ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში წმინდა ილია წინასწარმეტყველის მადლი გიცავდათ; დღეს ჩვენ ვფიქრობთ თქვენ მიერ განვლილ სულიერი ცხოვრების გზაზე, თქვენს ღვაწლზე და, ამასთან, თქვენი მფარველი წმინდანის, ილია თეზბიტელის ცხოვრება გვახსენდება. საოცარია ღვთისაგან განდგომილ ხალხში ჭეშმარიტი სარწმუნოების დასანერგად მისი თავგანწირული და უშიშარი მსახურება. ასევე ძალზე რთული იყო საბჭოთა რეჟიმის მიერ ეკლესიის დევნის შედეგად ღვთისგან დაშორებული ერის რწმენისაკენ შემობრუნება, რაც თქვენ უფლის შეწევნითა და თქვენი მფარველი წმინდანის მეოხებით შეძელით.

მრავალი წლის განმავლობაში თქვენი მოწამეობრივი მსახურება ყოველი ჩვენგანისთვის თავგანწირვისა და სიყვარულის თვალსაჩინო მაგალითია. ჩვენ მუდამ ვგრძნობთ, თუ რა მძიმეა პატრიარქობის ჯვარი, რომელიც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ათეიზმის ზეობისა და ეკლესიების ნგრევის ხანაში გარგუნათ და რომელსაც თქვენ ორმოცდახუთი წლის განმავლობაში ღვთისადმი დიდი მორჩილებით, ასე უდრტვინველად ატარებთ", - აცხადებს მეუფე შიო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა