ვინ არის სართიჭალაში უბედური შემთხვევის დროს დაღუპული 55 წლის კაცი? (ვიდეო)
სართიჭალაში კაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი - დაღუპული 55 წლის ჯემალ მამუჩიშვილია. ის ვაზიანთან შემოვლითი გზის მშენებლობაზე სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა.
ცნობილი ხდება, რომ უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მანქანამ მშენებარე ხიდის ქვეშ გაიარა და დაუსრულებელი კონსტრუქციის ძელს გამოედო.
"რაც ჩვენს ძალებშია და არ არის, რა თქმა უნდა, ყველანაირად ვცდილობთ, რომ ასეთი შემთხვევები იქნას აცილებული. როდესაც ხდება თანამშრომლების მიღება, რა თქმა უნდა, ჩვენი უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლები ახდენენ მათ ინფორმირებას. არ ხდება მათი მხრიდან გათვალისწინება, არ უყურებენ ამ საკითხს სერიოზულად, არ ეკიდებიან თავიანთ სიცოცხლეს და სამუშაოს სირთულეებს დიდი პასუხისმგებლობით და სამწუხაროდ, დადგა ასეთი შედეგი", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
უბედური შემთხვევა სართიჭალაში გუშინ, 2 აგვისტოს მოხდა. მომხდარზე გამოძიება 240 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.