"ლოგიკურ მსჯელობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს" - გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც მათემატიკის გამოცდაში უმაღლესი შეფასებები მიიღეს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს მათემატიკაში გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ტრადიციულად, გაგაცნობთ რამდენიმე აბიტურიენტს მათგან, ვინც მაქსიმალური შეფასების მიღება შეძლო:
თინათინ ციცხვაიამ სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა დაამთავრა. მან მათემატიკაში მაქსიმალური, 51 ქულა მიიღო. უმაღლესი შეფასებები აქვს სხვა საგნებშიც - ინგლისურში 69, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კი 56 ქულა. ეკონომიკის მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას და მომავალ აბიტურიენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:
- მაქსიმალური შეფასების მიღებაში ძალიან დიდი მონდომება და შრომა დამეხმარა. მათემატიკის მეცადინეობას ყოველდღე საათებს ვუთმობდი და საკუთარი თავის მჯეროდა. მიზნად დავისახე, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამომეყენებინა და ასეც მოვიქეცი. ვფიქრობ, მიზნის მისაღწევად თავდაჯერებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. თეორიულ საკითხებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ და ამავდროულად, შეგვეძლოს, სხვადასხვა თემას შორის ლოგიკური კავშირები ვიპოვოთ. მომავალ აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, რომ ბევრი იშრომონ, არ აყვნენ ემოციებს და თავისუფალი დროც დაიტოვონ. მიეცით საკუთარ თავს განტვირთვის უფლება. ეს წარმატების მისაღწევად აუცილებელია.
სანდრო კუპრაშვილი კიდევ ერთი წარმატებული აბიტურიენტია. მათემატიკის გამოცდაში მაქსიმალური 51 ქულის მიღება შეძლო. მან ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლა დაამთავრა და კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის მიმართულებით გეგმავს სწავლის გაგრძელებას, საკუთარ გამოცდილებას კი მომავალ აბიტურიენტებს უზიარებს:
- მათემატიკა განსაკუთრებით მიყვარს. ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა, მამაჩემმაც კარგად იცის ეს მიმართულება და მეცადინეობაში მეხმარებოდა. თავადაც ბევრი ვიშრომე, გამოცდაზე ვნერვიულობდი, მაგრამ შევძელი, რომ დრო კარგად გამენაწილებინა, მცირე დეტალებსაც მივაქციე ყურადღება, რადგანაც, თუნდაც პასუხების ფურცელზე გადატანისას, შესაძლოა, რაიმე გამოგვრჩეს და ამის გამო ქულა დაგვაკლდეს. წლების განმავლობაში ვმუშაობდი, სხვადასხვა ოლიმპიადაში ვიღებდი მონაწილეობას და ესეც დიდი გამოცდილება იყო.
მომავალ აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, რომ გამოცდის წინ და გამოცდის დროსაც ნერვიულობა განსაკუთრებით ხელის შემშლელი ფაქტორია. ამიტომაც, გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.
ლიზი მარსაგიშვილი ერთ-ერთი წარმატებული აბიტურიენტია, რომელმაც მათემატიკაში მაქსიმალური 51 ქულიდან 50-ის აღება შეძლო. მის შესახებ გუშინაც მოგიყევით. სკოლა-პანსიონი აიბი მთიები დაამთავრა. ინგლისურ ენაში 70 ქულის მიღება შეძლო. ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება, 55 ქულა აქვს. იგი ინგლისურში ერთიანი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულიცაა. სწავლის გაგრძელებას კომპიუტერულ მეცნიერებებზე აპირებს და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
- ვფიქრობ, მათემატიკაში აბიტურიენტს მხოლოდ ბოლო ერთი წლის მეცადინეობით მაღალი შეფასების მიღება გაუჭირდება, რადგანაც გამოცდაზე არა მხოლოდ ფორმულებისა და ფაქტობრივი მონაცემების ცოდნა, არამედ კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრის უნარი მოწმდება, რაც წლების განმავლობაში გროვდება და ეს უნარ-ჩვევები დროთა განმავლობაში ვითარდება. შესაბამისად, თავად ყველაზე მეტად ის დამეხმარა, რომ პირველივე კლასიდან სისტემატურად ვმუშაობდი. ჯობს, ნელ-ნელა, ეტაპობრივად ვისწავლოთ, ვიდრე, ბოლოს მოვინდომოთ პროგრამის ერთიანად შესწავლა. მე-12 კლასში, ფაქტობრივად, ახალი აღარაფერი მისწავლია, ძირითადად, წინა წლებში ნასწავლ მასალას ვიმეორებდი. თუმცა, იმის თქმაც მინდა, რომ წელს მათემატიკის გამოცდა, წინა წლების ტესტებთან შედარებით, უფრო გართულებული მეჩვენა. მგონია, რომ ბევრ აბიტურიენტს გაუჭირდებოდა. თავადაც არ მოველოდი ასეთი ტიპის ამოცანებს, მაგრამ მთავარია, რომ თავი ხელში ავიყვანე და არ დავიბენი. მომავალ აბიტურიენტებს მინდა ვურჩიო, რომ როდესაც გამოცდაზე მათემატიკის ტესტის გაკეთებას დაიწყებენ, ჯობს, პირველ რიგში, სწრაფად ის სავარჯიშოები გააკეთონ, რაც მათთვის ნაცნობი და შედარებით მარტივია. შემდეგ კი უფრო მეტი დრო რთულ საკითხებს დაუთმონ. დროის მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ისეთი მოსწავლე ვიცი, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს, მაგრამ დროის ფაქტორი გამოწვევა აღმოჩნდა. თავად მათემატიკაში არ ვემზადებოდი, საოცარი მასწავლებელი მყავდა და სკოლაში მიღებული ცოდნითა და საკუთარი შრომისმოყვარეობით შევძელი შედეგის მიღება. წლების განმავლობაში ბევრ იმიტირებულ გამოცდაზე დავდიოდი, რაც ძალიან დამეხმარა და დიდი გამოცდილება მომცა.
აკაკი ძიძიგურმა ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. მათემატიკაში მაქსიმალური 51 ქულიდან 50-ის მიღება შეძლო. მაქსიმალური შეფასება აქვს როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ინგლისურში. ამბობს, რომ ეს წლების განმავლობაში მონდომებისა და შრომისმოყვარეობის შედეგია. სწავლის გაგრძელებას კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის მიმართულებით აპირებს და პროგრამისტობას აპირებს. 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აბიტურიენტი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
- მათემატიკაში მხოლოდ ფორმულებისა და მონაცემების დაზეპირება საკმარისი არ არის და ანალიტიკურ უნარებს, ლოგიკურ მსჯელობას, სხვადასხვა საკითხს შორის კავშირების პოვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მასწავლებლებიც სულ ცდილობდნენ, რომ სწორ პასუხამდე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივსულიყავით და გაგვეაზრებინა, რატომ იყო კონკრეტული არჩევანი მართებული. სისტემატურად ვმუშაობდი, სკოლაშიც გამოცდები თითქმის ყოველთვე გვქონდა და გარემოსაც მიჩვეულები ვიყავით.
რაც შეეხება სხვა საგნებში მიღებულ მაქსიმალურ შეფასებებს, ვფიქრობ, რომ აქაც შრომისმოყვარეობა დამეხმარა. საგამოცდო მასალა კარგად მქონდა დამუშავებული, ბევრ დროს ვუთმობდი, მასწავლებლებიც ძალიან გვეხმარებოდნენ და მოტივაციას გვაძლევდნენ.
სწავლის გაგრძელებას კომპიუტერულ მეცნიერებებსა და მათემატიკაზე თავისუფალ უნივერსიტეტში ვგეგმავ. მინდა, სამომავლოდ, პროგრამისტი ვიყო და დიდ კომპანიაში ვისურვებდი მუშაობას.
წყარო - mshoblebi.ge