სტიქიის მასშტაბი საკმაოდ დიდია - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული
შოვი, სადაც დღეს 4 საათისთვის მეწყერი ჩამოწვა, გარე სამყაროს მოწყვეტილია. მთის კურორტზე მეწყრული პროცესები იმდენად სწრაფად განვითარდა რომ ადამიანებმა გაქცევა ვერ მოასწრეს. მეწყერის განმეორება შესაძლებელია, რადგან ძლიერი წვიმების გამო რაჭის მთებში ადიდებულია მდინარეები - ჭანჭახი და გომბურა. დაძრულია მიწის და ტყის დიდი მასა.
ამასთან ღვარცოფმა წაიღო საავტომობილო გზების მონაკვეთები და ხიდი, რის გამოც სტიქიის ზონაში მისასვლელი ჩაიხერგა. მაშველებმა შოვში ჩასვლა ვერტმფრენებით შეძლეს.
"მდინარის კალაპოტში ჩამოიშალა მთის მასა, რამაც ჩაკეტა მდინარე და გამოიწვია მისი შეგუბება. ამ მასამ შოვის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა დააზიანა. ამ მომენტში მიმდინარეობს საევაკუაციო სამუშაოები. სტიქიის მასშტაბი საკმაოდ დიდია. პირველ რიგში ბავშვები და მოხუცები გამოვიყვანეთ, სხვების გამოსაყვანად კი საევაკუაციო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს. დაშავებულები არ არიან. სამაშველო სამსახური და ადგილობრივი ძალები მთლიანად ჩართულია პროცესში. ასევე ველოდებით დამატებით ვერტმფრენებს თბილისიდან," - აცხადებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე.