"შვილსა და სამ შვილიშვილს ვეძებ, ცოცხლები არიან თუ მკვდრები არ ვიცი" - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში? (ვიდეო)
შოვში, სტიქიის ზონაში ვითარება კვლავ მძიმეა - ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, 50 ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
"კონტაქტი არ არის, [ვეძებ] შვილს და სამ შვილიშვილს. არაფერი კონტაქტი...ცოცხლები არინა, მკვდრები, არ ვიცით არაფერი. ორი კვირით წავიდნენ. ველით ვერტმფრენს, ორი ჩამოფრინდა არაფერია ჯერ", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა - მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა.
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ განახლებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიის ზონიდან 80-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი ახლა უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში იმყოფებოდნენ.