თეგებით ძიება

სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გადმოყვანილი - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გადმოყვანილი.

"მთელი ღამის განმავლობაში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდებოდა. ასევე, შტაბის მუშაობაც არ შეწყვეტილა, ყველანი აქ ვიყავით, ადგილზე, ვიღებდით ინფორმაციას და შესაბამისად, ხდებოდა რეაგირება.

დღეს, ამ პერიოდისთვის, ვერტმფრენმა შეასრულა 9 რეისი, გადმოიყვანა 140 ადამიანი. სულ, გუშინდლისა და დღევანდლის ჩათვლით, გადმოყვანილია 210 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა ადგილას არიან განთავსებულნი. ნაწილმა უკვე დატოვა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია და წასულები არიან სახლებში. პერიოდულად, რამდენიც გადმოვა, ჩვენ ვანაწილებთ აქ ადგილზე, სხვადასხვა ოჯახებში, სასტუმროებში და ყურადღების ქვეშ გვყავს,"- განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. დამსვენებლებს პირველადი დახმარება სასტუმროს ადმინისტრაციამ გაუწია და შენობიდან გამოსვლაში დაეხმარა.

სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა - მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა. 

დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ განახლებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიის ზონიდან 80-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი ახლა უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში იმყოფებოდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა