თეგებით ძიება

„რაჭას მოსმენა უნდა, მარტო ცქერა არა...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე შოვში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„რაჭას მოსმენა უნდა, მარტო ცქერა არა. რომ მოუსმენ, სხვა რამეს მიხვდები. ოღონდ ახლოს უნდა მიხვიდე, სხეულზე ყური დაადო და ისე მოუსმინო. გესმის? რაჭული გული სწრაფად ცემს. ძალიან სწრაფად. ეს სიდინჯე და ნელი სიტყვა სულ თამაშია. თვალები გასცემენ ამ თამაშს. ჩქარი და ციმციმა. რაც იქ სევდაა და სიხარული, ეგ დუნე ვერ იქნება. რაჭას მოსმენა უნდა, მოსმენა და მოვლა - თორემ მერე თვითონ ხმამაღლა დაგელაპარაკება - მეწყერია ეგ ხმამაღალი ლაპარაკი. მეწყერი ან მიწისძვრა ან მოვარდნილი წყალი - როგორც დიდი სამდურავი ჩვენებური ზედაპირული ყურადღების.

რაჭული ჭიშკარი ისეთია, რომ გაღებას დაგავიწყებს – დაჯდები და უყურებ. ფერმკრთალი ცისფერი. უცნაურად მობერებული ცისფერი. ისეთი ჩუქურთმებით, სიტყვად რომ ვთქვათ - ქვეშენიჭირიმე რომ გამოვა. ფოტოს ვერ ვუმიზნებ, ძნელად უმკლავდება და ასე, ნაწერს ვიშველებ. ასეთი ჭიშკრები არსად მინახავს. ამ ჭიშკრებს სახლებში კი არა, ადამიანებში შეყავხარ. და ეს ადამიანები, ოთხმოცდაათი წლის სიმონიკები და ნათელიკები, სახელებშიც კი ბავშვობადანარჩუნებულები, გკარნახობენ, რომ გაჩუმდე და მათ გულს ყური დაუგდო. ეს გულები ბუხრებს გვანან და აქაური ბუხრები ბარემ ას წელსაც უწევენ და რაც იქ ცეცხლია გაჩაღებული და ნაკვერჩხლად ქცეული, ყველა მიშტერება ახსოვთ - ზოგი დარდიანი და ზოგიც ღვინით მხიარული.

სიმონიკები და ნათელიკებიც გვიმახსოვრებენ. ეს ჩვენ ვივიწყებთ ხოლმე და ზაფხულობით გვახსენდება. ისიც, კაცმა არ იცის - ეს ხალხი თუ ლობიანი“, - წერს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა