ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდა
შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
„დღეს და შაბათ-კვირას აქტიურად გაგრძელდება მუშაობა და ჩვენი გადაწყვეტილებით, გლოვის დღედ გამოცხადდება ორშაბათი“, - აცხადებს პრემიერი.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. დამსვენებლებს პირველადი დახმარება სასტუმროს ადმინისტრაციამ გაუწია და შენობიდან გამოსვლაში დაეხმარა.
სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა - მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა.
ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიის ზონიდან 80-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი ახლა უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში იმყოფებოდნენ.