2022 წელს 26,5 მლნ ევროდ შეძენილი სამი სამაშველო ვერტმფრენი, საქართველომ 2024 წელს უნდა მიიღოს
2022 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეეძინა Airbus-ის სამი სამაშველო კატეგორიის H 145 ვერტმფრენი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, კონტრაქტის ღირებულება 26,500,000 ევრო იყო. 2022 წელს გაფორმებული საკონტრაქტო პირობების თანახმად, პირველი პირველი შვეულმფრენის მიღება 17 თვის, მეორე შვეულმფრენის - 19 თვის განმავლობაში, ხოლო, მესამე შვეულმფრენის 20 თვის განმავლობაში მოხდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ვერტმფრენების მოწოდება არაუგვიანეს 2024 წელს უნდა მოხდეს.
"H145 მცირე ზომის მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. იგი აღჭურვილია 2 ძრავით, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ვინაიდან ერთი ძრავის დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია მეორე ძრავმა აიღოს სრული დატვირთვა, მას გააჩნია დახურული კუდა ხრახნი, რაც უსაფრთხოების მხრივ უნიკალურია ... და შეუძლია 6000 მეტრის სიმაღლეზე ოპერირება“, - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში.
შესყიდვისთვის საჭირო თანხა მობილიზებული იქნება ასევე ეტაპობრივად: სასაზღვრო პოლიციისათვის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში გადახდილი იქნება 15 700 000 ევროს ექვივალენტი ლარში, 5 500 000 ევროს ექვივალენტი ლარში გადახდილი იქნება Airbus Helicopters SAS-ის მიერ საპრივატიზებო თანხის ჩარიცხვის შემდგომ, ხოლო დარჩენილი 5.3 მლნ ევროს ექვივალენტი ლარში სასაზღვრო პოლიციისთვის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ამავდროულად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანახმად, მთავრობა 5.5 მილიონ ევროდ ყიდის წინა ხელისუფლების დროს შესყიდულ “სუპერ პუმას” AS-332 L1e ტიპის ვერტმფრენს, რომელსაც მისი მწარმოებელი შეიძენს. "სუპერ პუმას" გაყიდვის გეგმაზე კიდევ ერთხელ ცნობილი გახდა 2022 წლის 29 აგვისტოს. მაშინ პრემიერმა თქვა, რომ ეს ვერტმფრენი ფუფუნებისთვის იყო განკუთვნილი.
ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2013 წელს განაცხადა, რომ "სუპერ პუმას" ვერტმფრენებს გაყიდიდნენ და მიღებული თანხით სამაშველო ვერტმფრენებს შეიძენდნენ, თუმცა როგორც ირკვევა აღნიშნული არ მომხდარა.
2010 წელს კომპანია EUROCOPTER-ის "სუპერ პუმას" ორი ვერტმფრენის შესყიდვა ბიუჯეტს 55 მილიონი ევრო დაუჯდა.
წყარო - bm.ge