„რას გვასწავლის შოვის კატასტროფა...“ - რას წერს ნიკა გვარამია?
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„რას გვასწავლის შოვის კატასტროფა:
საქართველო, მისი ბუნებრივი მდებარეობის და ლანდშაფტის გამო, სტიქიური უბედურებების მიმართ მიდრეკილი ქვეყანაა. შესაბამისად, როგორც ყველა ამგვარ ქვეყანას, სჭირდება სრულად აღჭურვილი და გაწვრთნილი სამაშველო სამსახური.
ნაცვლად ამისა, საქართველოს ხელისუფლება წვრთნის და აღჭურვავს სუსს - როგორ მოუსმინოს და უთვლათვლაოს უფრო ეფექტურად, და ე.წ. სპეცნაზებს - როგორ დაარბიონ უფრო ეფექტურად. ამაში ის უზარმაზარ ფულს ხარჯავს, ნაცვლად იმისა, რომ სამაშველო სამსახური გაწვრთნას და აღჭურვოს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
სტიქიური უბედურებები, ძირითადად, ჩვენი მაშველების სიცოცხლის რისკის ამარაა დატოვებული. არ შეიძლება მაშველის პერსონალურ გმირობაზე გადიოდეს ადამიანების სიცოცხლეები. არ შეიძლება და შესაძლებელიც არაა. ამიტომაცაა მუდმივად მსხვერპლი მოსახლეობაშიც და მაშველებშიც.
მსხვერპლი სტიქიური უბედურების თანმხლები პროცესია, მაგრამ მისი მინიმიზაციაა სწორედ იმის მაჩვენებელი, რამდენად ეფექტურია სახელმწიფო ფორსმაჟორულ სიტუაციებში. ბოლო პერიოდის ყველა ამგვარ ვითარებაში, სახელმწიფო უკიდურესად არაეფექტური აღმოჩნდა და ყველა შემდგომ სტიქიაში ზუსტად იგივე შეცდომები დაუშვა, რაც წინა შემთხვევებში. ეს კი იმის უტყუარი მანიშნებელია, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანების სიცოცხლეს არაფრად აგდებს და, დიახ, თავადაც სტიქიური უბედურებაა ჩვენი ქვეყნისთვის.
სამაშველო სამსახურს სჭირდება საფუძვლიანი რეფორმა. ამგვარ ვითარებაში გამოსავალი სამაშველო სფეროში მსოფლიოს ყველაზე წამყვანი ქვეყნებიდან სარეფორმო ჯგუფის ჩამოყვანა და მათ მიერ ღრმა და საფუძვლიანი წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ჩატარებაა. ცხადია, დიდი დაფინანსების გარეშე ეს წარმოუდგენელია. თუმცა ფული ხელისუფლებას აქვს - სუსს და სხვადასხვა ჯურის სპეცნაზებს უნდა ჩამოაჭრას და აქეთ გადაამისამართოს. საჭიროა პოლიტიკური ნება, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს. მათი ინტერესი მოსმენა, თვალთვალი და დარბევა უფროა, ვიდრე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა“, - წერს გვარამია.