თეგებით ძიება

„ბოდიში, ღამეა. მადლობა, გათენდა. ბოდიში, გაწვიმდა“ - თამო კეშელავას ემოციური პოსტი შოვის ტრაგედიაზე

ჟურნალისტი, თამო კეშელავა შოვში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„ბოდიში, ღამეა.

მადლობა, გათენდა.

ბოდიში, გაწვიმდა.

დახმარება არ გვინდა.

ვერტმფრენები გვინდა და არ გვაქვს, მარა გვექნება.

ვერტმფრენები არაა ახლა საჭირო, მაგრამ იმ ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელიც ადგილობრივებმა იპოვეს, ვერტმფრენით ამოიყვანეს.

ადგილობრივების დახმარებაც არ გვინდა, მაგრამ მეშვიდე ცხედარი მათ იპოვეს.

გუშინ ჯარის დახმარებაც არ გვინდოდა, როცა ტყეში 152 ადამიანი ჩატოვეს, მაგრამ დღეს გვინდა, მერე რა, რომ გუშინ ვითხოვდით.

დღეს გადაწყდა ჯარის დახმარება და თავდაცვის მინისტრმა, ახლა ვემზადებით და რამდენიმე საათში მზად ვიქნებითო. მზადყოფნაც არ იყო. რა საჭიროა. 

ვერტმფრენები სამაშველოსთვის გვინდა, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა, მე ავარჩევ რა ვერტმფრენი უნდა იყიდოს შსს–მო – გიჟი მიუშვი ნებასა...

მიცვალებულებს ორშაბათამდე ვერ ვიპოვით ალბათო, პრემიერმა, ამიტომ ორშაბათს ვიგლოვოთო.

ხო, დახმარება არ გვინდაო, მაინცო. 

პრემიერი 24 საათის მერე გამოჩნდა სტიქიიდან და დაწერეს, უკვე რაჭაშიაო, უკვეო, 24 საათის მერეო, უკვეო. 

დილით, ტყეში ღამენათევი 152 ადამიანიდან 60 გამოიყვანეს პირველ ჯერზე და ურა, 60 უკვე გამოიყვანესო, უკვეო, მთელი ღამის მერეო და 92–ს რომ მეორე და მესამე გზაზე გამოიყვანდნენ, რა უჭირს. 

ჩამოიყვანეს 220 ადამიანი თბილისში და სახლებში გაუშვეს, თავი არ აქვთ გატეხილი და ვენა არ აქვთ გადახსნილიო, არც ნევროლოგი უნდოდა, არც ფსიქოლოგი, არც შემოწმება.

რომელიმე თუ გარდაიცვლება მერე, იტყვიან, ინერვიულა ოჯახზეო, იმ ღამეს, ტყეში რომ გაატარეს, კი არავინ დააბრალებს, ან მერე თბილისის ქუჩებში დაყრას. 

220–ადამიანი ახლა კლინიკაში რომ უნდა გადიოდეს კვლევას, ეგაც არავის გახსენებია. 

ხო, შსს–მ ფოტოები გამოდო, როგორ გამოყავს სტიქიის ზონიდან ღამენათევი ადამიანები და არც ერთი პლედი მე არ დამინახავს და იქნება, თქვენ დაინახეთ? ადამიანები წუხელ მწერდნენ, სისხლი გვეყინებაო, ცალკე მეწყერის ყურებით, ცალკე ნერვიულობით, ცალკე სიცივითო...

და ვიღაცეები პოსტავენ, ვერტმფრენებს ასე უცებ როგორ იყიდდენო...

ხო, ასე უცებ 2012 წლიდან 2023 წლამდე რანაირად იყიდნენ?

თბილისი რომ დაიტბორა და სახურავზე ელოდებოდა ვერტმფრენს გადარჩენილი გოგო და ისე დაიღუპა, ვერტმფრენი არ გაუშვეს, მაგის მერე ვერტმფრენის ყიდვა რატომაა საჩქარო, აბა, რატომო...

ღარიბი ქვეყანა ვართო...

მაგრამ ღარიბი ქვეყნის პრემიერს და მის ცოლს, ძვირადღირებული სამოსი უნდა ებუროს, აბა, სხვა როგორ ეკარებათო.

რითი იყიდესო? 

უი, ბოდიში, გაწვიმდაო. 

და დილით რომ გაწვიმებულიყო, ესე იგი, ვერც იმ 152 ადამიანს გამოიყვანდნენ?

მადლობა, დილით არ წვიმდაო. 

რას ჰგავს ახლა ეს ხომ ხვდებით?

და ამის "გაპრავება" რის ჭამას ჰგავს, ეგაც ხომ იცით გულში?“ - წერს კეშელავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა