თეგებით ძიება

„მოთქმა და გოდება რომ არ დაგვჭირდეს, რას ვაკეთებთ ამისთვის? არც ამ ტრაგედიის მერე არ შეიცვლება არაფერი“ - შაკო ბუაჩიძე

მოთქმა და გოდება კარგად ვიცით, კი. საქმის სწორად კეთება - არა! უპასუხისმგებლო ხალხი ვართ. საერთოდ, რამეს სწორად ვაკეთებთ? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში შაკო ბუაჩიძე წერს და შოვის ტრაგედიამდე მომხდარ შემთხვევებს იხსენებს, რომლებსაც საჭირო რეაგირება არ მოჰყოლია.

„მოთქმა და გოდება კარგად ვიცით, კი. საქმის სწორად კეთება - არა! უპასუხისმგებლო ხალხი ვართ. საერთოდ, რამეს სწორად ვაკეთებთ?

ხევსურეთში რომ სამარშრუტო ტაქსი გადაიჩეხა, მხოლოდ ერთი-ორმა თუ აღნიშნა ის, რომ შეიძლება საბურავები არ უვარგოდა, ან სამუხრუჭე სისტემა არ იყო გამართული. ისევ მეორადებში ნაყიდი 10 წლის საბურავებით დავდივართ, ვიღაც შვეიცარიელმა რომ გადააგდო იმის გამო, რომ ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლიდა, რადგან საბურავის ასაკმა 6 წელს გადააჭარბა. 

ბათუმში რომ კორპუსი დაინგრა, მას შემდეგ რამდენმა თქვა უარი საყრდენი კედლების მონგრევაზე “სილიამაზის სალონების” უკეთ მოწყობის ხარჯზე? საერთოდ ვინმე აკონტროლებს ამ პროცესს? მუშებს რომ ეუბნებიან ეს კედელი მომიხსენიო, მინიმუმ რომელიმე მაინც თუ პასუხობს, ხო არ გადაირიეო?

ვაკის პარკის შადრევანში რომ ბავშვს დენმა დაარტყა, რა ვქენით გოდების გარდა? რა შევცვალეთ? მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხვალ სხვაგან უკეთ გაიყვანენ ელექტროობას. უბნის სტადიონზე შვილის გაშვების მეშინია - არ ვარ დარწმუნებული, რომ კარის ძელიდან არ გლიჯავს 220 ვოლტი.

“ვერა რეჩკამ” რომ თბილისს ტრაგედია უქნა 2015-ში, მერე რა გავაკეთეთ რეალურად გარდა იმისა, რომ იმ ბეჰემოთზე ყველას გული გვიჩუყდება?

საიდანმე ფულის დაზოგვა დავიწყეთ, რომ 2-3 საუკეთესო ახალი სამაშველო შვეულმფრენი მაინც გვყავდეს ასეთ მთაგორიან და სტიქიური უბედურებებით რისკიან ქვეყანაში? ყველა რეგიონში ერთი მაინც არ უნდა იყოს?

შოვში რომ კოტეჯები ჩადგა ტიპმა, ვინმეს ჰკითხა, აქ ეს თუ შეიძლებაო?

რიკოთზე რა ხდება? ყველაფერი სწორად კეთდება თუ იმის იმედი გვაქვს, რომ ღმერთი არ გაგვწირავს?

ულამაზესი პირიქითა ხევსურეთის გზებზე დამცავი ჯებირები დავაყენეთ?

ლოცვები მაინც თუ გავაძლიერეთ? თუ ეკლესიებს მარტო იმიტომ ვაშენებთ, რაოდენობით ვიამაყოთ, ან დამფინანსებელმა იბლატაოს, ჩემი აშენებულიაო?

მოთქმა და გოდება რომ არ დაგვჭირდეს, ან ნაკლები მასშტაბით, რას ვაკეთებთ ამისთვის?

აბსოლუტური უმრავლესობა უპასუხისმგებლოა. და ვრჩებით იმ ადამიანების იმედად, ვისაც უბედურების მერე თავგანწირვა შეუძლია სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.

მთელი უბედურება ისაა, რომ არც ამ ტრაგედიის მერე არ შეიცვლება არაფერი გარდა იმისა, რომ ამ ზაფხულს აღარ წავა ხალხი რაჭაში. რაჭაში, რომლის ჰაერი და სილამაზე ყველა სხვა ჰაერს და სილამაზეს მირჩევნია არა მარტო საქართველოს მასშტაბით“ - წერს ბუაჩიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა