„ტელეფონში ვეძებდი რაღაც ფოტოებს. წავაწყდი ამ ვიდეოს...“ - რა კადრებს აქვეყნებს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი?
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებებს, თუ რატომ არ ჩაერთო შოვში მომხდარი სტიქიის ღამეს სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი.
„ტელეფონში ვეძებდი რაღაც ფოტოებს. წავაწყდი ამ ვიდეოს. სამაშველო ვერტმფრენი ღამით ( დიახ, ღამით) ჯდება ჩვენი რეგიონალური ჰოსპიტალის სახურავზე, სულ რაღაც რამდენიმე ათეული კვადრატული მეტრის ფართობის დასაჯდომ მოედანზე. ჩვეული ამბავია ეს დღისით, ღამით, ცუდ ამინდში, 24 საათის განმავლობაში რამდენჯერმე ზოგჯერ… ასეა 300 000-იანი მოსახლეობის ზომის ქალაქში და ასეა მთლიანად საფრანგეთის ტერიტორიაზე, სხვაგანაც.
ერთ-ერთი უმძიმესი შედეგი ბოლო ათი წლისა ყველაფერ უვარგისთან, გაფუჭებულთან, მიუღებელთან, ჩამორჩენილთან, მოშლილთან შეგუება და ამათ მიერ დაწესებულ უმდაბიოეს სტანდარტებსა და წესებთან დაძალებული შეჩვევაა.
სამაშველო ვერტმფრენი ღამით რომ არ დაფრინავს, ეს თურმე ნორმაა, გაგებით უნდა მოვეკიდოთ, გავჩუმდეთ და, ზოგადად, უკეთესზე, თანამედროვეზე, ისეთ სტანდარტებზე, როგორიც განვითარებულ ქვეყნებშია, პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. მე პირადად გაჩუმებას და შეგუებას არ ვაპირებ“, – წერს რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.