ექსტრემალურმა ამინდმა1970-დან 2021 წლამდე 11 778 სტიქიური უბედურება გამოიწვია და გლობალური ეკონომიკა 4,3 ტრლნ დოლარით დააზარალა
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ახალი მაჩვენებლის თანახმად, ექსტრემალურმა ამინდმა, კლიმატმა და წყალთან დაკავშირებულმა მოვლენებმა 1970-დან 2021 წლამდე 11 778 სტიქიური უბედურება გამოიწვია, რომლის დროსაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო გლობალურ ეკონომიკას 4,3 ტრლნ დოლარის ზარალი მიადგა. მონაცემები WMO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
სტიქიური მოვლენების შედეგები რეგიონების მიხედვით 1970-დან 2021 წლამდე:
აფრიკა - 1 839 სტიქიური უბედურება; დაიღუპა 733 585 ადამიანი, რომლის 95% გვალვას ემსხვერპლა. ეკონომიკური ზარალი 43 მლრდ დოლარი.
აზია - 3 612 სტიქიური კატასტროფა; 984 263 დაღუპული ადამიანი, რამაც მსოფლიოში დაღუპულთა საერთო როდენობის 47% შეადგინა. სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი ტროპიკული ციკლონები იყო. ეკონომიკურმა ზარალმა 1,4 ტრლნ დოლარი შეადგინა. აზიაში დაღუპულთა ყველაზე მეტი რიცხვით ბანგლადეში გამოირჩევა, სადაც 281 მოვლენას 520 758 ადამიანი ემსხვერპლა.
სამხრეთ ამერიკა - 943 სტიქიური უბედურება, რომელთაგან 61% წყალდიდობაა. დაიღუპა 58 484 ადამიანი, ხოლო ეკონომიკურმა ზარალმა 115,2 მლრდ დოლარი შეადგინა.
ჩრდილოეთ ამერიკა, ცენტრალური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი - 2 107 სტიქიური მოვლენა. დაიღუპა 77 454 ადამიანი; ეკონომიკური ზარალი 2.0 ტრლნ დოლარი, რაც მსოფლიო ეკონომიკური ზარალის 46% შეადგენს. უმეტესი ნაწილი ქარიშხალთან დაკავშირებულ კატასტროფებს, კერძოდ, ტროპიკულ ციკლონებს მიეკუთვნება.
სამხრეთ-დასავლეთ წყნარი ოკეანე - 1 493 სტიქიური კატასტროფა; დაიღუპა 66 951 ადამიანი. სიკვდილის მთავარი მიზეზი ტროპიკული ციკლონები იყო. ეკონომიკური ზარალი 185,8 მლრდ დოლარი.
ევროპა - 1 784 სტიქიური უბედურება. დაიღუპა166 492 ადამიანი, რაც მსოფლიოში დაღუპულთა 8%-ს შეადგენდა. სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი ექსტრემალური ტემპერატურა იყო. ეკონომიკური ზარალი 562.0 მლრდ დოლარს შეადგენს, რისი მთავარი მიზეზიც წყალდიდობებია.
WMO-მ ეს მაჩვენებლები სიკვდილიანობისა და ეკონომიკური დანაკარგების ატლასის (Atlas of Mortality and Economic Losses) ფარგლებში განაახლა, რომელიც 50-წლიანი პერიოდის ამინდის, კლიმატისა და წყლის ექსტრემალურ მოვლენებს ეხება. წინა ანგარიში 1970-2019 წლებს მოიცავდა.
WMO-მ ახალი დასკვნა მსოფლიო მეტეოროლოგიური მე-19 კონგრესისთვის გამოსცა, რომელიც 22 მაისი-2 ივნისის პერიოდში გაიმართა. კონგრესი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება.
წყარო: bpn.ge