თეგებით ძიება

სტიქიის ზონაში სამუშაოები ხვალიდან კიდევ უფრო მასშტაბური გახდება - თემურ მღებრიშვილი

ხვალ, დილიდან უფრო მასშტაბურად დავიწყებთ ამ მიმართულებაზე საძიებო სამუშაოებს - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. 

„დღეს ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად, მდინარის კალაპოტში აღმოჩენილია ერთი ადამიანის ცხედარი და ადამიანის სხეულის ფრაგმენტი, რომელიც პროზექტურაშია გადასვენებული. ამ დრომდე გრძელდება აქტიური საძიებო სამუშაოები. ასევე, მდინარის კალაპოტში აღმოჩენილია ავტომობილის ძარა, რომელიც ამოღებულია კალაპოტიდან და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ყველა ხიდზე აბსოლუტურად განლაგებულია მონიტორინგის ჯგუფები, ასევე გადაადგილდებიან კალაპოტშიც და სწორედ ამ მონიტორინგის ჯგუფის მიერ იქნა ხიდის ქვეშ ცხედარი ნანახი. ხვალ, დილიდან უფრო მასშტაბურად დავიწყებთ ამ მიმართულებაზე საძიებო სამუშაოებს. საერთო ჯამში, რვა ავტომობილია დაკარგული. პარალელურად, თვითონ სტიქიის ეპიცენტრში უფრო გავშალეთ ძებნის არეალი, გარდა ამისა, ე.წ. კალცის წყლების ტერიტორიაზე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები “, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად აღმოჩენილია 19 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 14 პირთან დაკავშირებით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა