ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის პროპაგანდის წამომწყები პოლიტიკური ძალა სხვის დეზინფორმაციაზე რომ იწყებს საუბარს, ცოტა უხერხულია - პაატა მანჯგალაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება შოვში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს.
"პაპუაშვილის დღევანდელი განცხადება ტრაგედიის საკუთარ სასარგებლო მიზნებისთვის გამოყენების კლასიკური ნიმუშია.
ჩვენ ფაქტობრივად მორატორიუმი გვაქვს გამოცხადებული, მხოლოდ სამაშველო ოპერაციის და წინასწარი შეტყობინების სისტემების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ. ის, რომ კითხვები დაისვა კალაპოტზე, ვიღაცამ იკითხა წყალი ხეობაში პოსეიდონმა ხომ არ ჩაასხა, ეს პაპუაშვილს არ უნდა უკვირდეს - ყველა კითხვა ლოგიკურია.
განხილვა იყო საზოგადოებაში - როცა შვილები ადგილს 55 წუთით ადრე ტოვებენ, იქ ჩემი შვილიც რომ ყოფილიყო, იგივე კითხვები გაჩნდებოდა. ეს უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა. გაკეთდა განმარტება - სხვა საკითხია ვის სჯერა და ვის არა.
ხელისუფლებას არ მოსწონს რა თავისუფალი აზრი, თავისუფალი მედია და თავისუფალი კითხვები, გარკვეულ საკანონმდებლო რეგულაციების მიღებაზე ფიქრობს. მათ 1000 - ლარიანი ექსპერტების ქვეყანა სჭირდებათ, რომლებიც ხელს ყველა დასკვნასა და შეფასებაზე მოაწერენ - უნდათ საზოგადოებას დააჯერონ, რომ ასეთი სტიქია რვა წუთში შეიქმნა და არანაირი წინასწარი ნიშნები არ არსებობდა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.