ზელენსკის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს
ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე ქალი დააკავეს - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) ორშაბათს განაცხადა.
დაკავებული ქალის ვინაობა საჯაროდ არ სახელდება. ცნობილია, რომ ის სამხრეთ უკრაინის მიკოლაივის რეგიონიდანაა და სამხედრო ბაზაზე არსებულ მაღაზიაში მუშაობდა - ამის თაობაზე ნათქვამია SBU-ს განცხადებაში.
ოფიციალური პირების თქმით, ის, სავარაუდოდ, რუსულ ძალებს ზელენსკის ადგილმდებარეობის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას, მათ შორის პრეზიდენტის მიკოლაივში ვიზიტის სრულ მარშრუტს. უკრაინელი ოფიციალური პირების მტკიცებით, ეჭვმიტანილი რუსეთს "მასიური საჰაერო თავდასხმის“ მომზადებაში ეხმარებოდა.
SBU-მ დროულად შეიტყო შეთქმულების შესახებ და ზელენსკის ვიზიტის დროს უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო.
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.