თეგებით ძიება

დაკარგული ბავშვები - საიდუმლო, რომელიც დღემდე ამოუხსნელია

ყოველწლიურად, მსოფლიოში ათასობით ადამიანი იკარგება და მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. მაგალითად, აშშ -ში 2018 წელს 424,066 ბავშვი დაიკარგა, ინდოეთში - 111,569 ბავშვი, ავსტრალიაში - 20 000, ბრაზილიაში - 40 000, კანადაში - 45 000-ზე მეტი. ევროპაში ყოველწლიურად ასობით ათასი ბავშვი იძებნება. ჩვენ გიამბობთ ორ ყველაზე უცნაურ და დაუჯერებელ შემთხვევაზე, რომელიც დღემდე ამოუხსნელია.

მადლენ მაკკენი 

2007 წლის 3 მაისს, 3 წლის გოგონა დაიკარგა, რომელიც ოჯახთან ერთად, პორტუგალიაში ისვენებდა. მშობლებმა - ქეით და ჯერი მაკკენებმა მადლენი ძმებთან და დებთან ერთად ნაქირავებ ბინაში დატოვეს, თავად კი ახლომდებარე რესტორანში სასადილოდ წავიდნენ. ორი საათის შემდეგ დაბრუნებულმა მშობლებმა მადლენი სახლში ვეღარ იპოვეს.

ამ საქმეში ერთ -ერთი მთავარი ეჭვმიტანილი მაკკენების ბინის მეზობლად მცხოვრები 33 წლის უძრავი ქონების კონსულტანტი, რობერტ მიურატი იყო. მოწმეების მტკიცებით, 9:15 საათზე, მიურატი სახლში პატარა გოგონასთან ერთად მიდიოდა, მაგრამ პორტუგალიის პოლიციამ ამ ამ ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა. მოგვიანებით, ეჭვმიტანილთა სიას გოგონას მშობლები, ქეით და ჯერი მაკკენები დაემატნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, მადლენი საძილე აბების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა, რომელიც მშობლებმა ბავშვს რესტორანში წასვლის წინ დაალევინეს, შემდეგ კი, ამ ფაქტის დასამალად, ბავშვის გატაცების ამბავი მოიგონეს. მშობლები ეჭვმიტანილთა სიიდან მხოლოდ 2008 წელს ამოიღეს. 2020 წლის ივნისში ამ საქმის მთავარი ეჭვმიტანილი 43 წლის ქრისტიან ბრიუკნერი გახდა. გერმანიის პოლიციის ცნობით, მამაკაცი 1995 წლიდან 2007 წლამდე პორტუგალიაში ცხოვრობდა, სადაც ზოგჯერ მიმტანად და ზოგჯერ დამლაგებლად მუშაობდა და არც ნარკოტიკებით ვაჭრობას თაკილობდა. ამ დროისთვის ბრიუკნერი პედოფილიისთვის გასამართლებული იყო, მოგვიანებით კი დანაშაულთა სია ნარკოტიკებით ვაჭრობით, ძარცვით და გაუპატიურებით შეავსო. ბრიუკნერის მთავარი პრინციპი დანაშაულის სახლიდან მოშორებით ჩადენა იყო. 

გერმანელი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ გოგონა დიდი ხნის გარდაცვლილია, თუმცა 2020 წლის ივნისში ლონდონის პოლიციამ გამოაცხადა, რომ მადლენი ფორმალურად ისევ დაკარგულად ითვლება, რადგან მისი გარდაცვალების ფაქტი დაუდგენელია. 

მას შემდეგ, რაც მისი სახელი 3 წლის გოგონას გაუჩინარების საქმეს დაუკავშირდა, ქრისტიან ბრიუკნერი, რომელიც სასჯელს სხვა დანაშაულისთვის იხდის, უსაფრთხოების მიზნით სამარტოო საკანში გადაიყვანეს. მადლენის გაუჩინარების შესახებ მას ამ დრომდე ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიისა და გერმანიის საუკეთესო გამომძიებლები მუშაობას აგრძელებენ, მაგრამ ჯერჯერობით გოგონას ცხედარი ან სხვა მტკიცებულება აღმოჩენილი არაა.

ემი ლინ ბრედლის გაუჩინარება საკრუიზო გემიდან

1998 წლის 24 მარტს, დილის 5:30 საათზე, ემი ლინის მამამ საყვარელი ქალიშვილი საკრუიზო გემის კაიუტის აივანზე მძინარე უკანასკნელად დაინახა. ნახევარი საათის შემდეგ გოგონა გაუჩინარდა..

ბრედლის ოჯახი  საკრუიზო გემზე „Caribbean Rhapsody of the Seas“ შემთხვევამდე ოთხი დღით ადრე ავიდა. წინა ღამეს გემის კლუბში მხიარული წვეულება მოაწყვეს. ლამაზი და ბედნიერი ემი ჯგუფი Blue Orchid მუსიკაზე ცეკვავდა და შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ მუსიკალური ჯგუფის ერთ-ერთი წევრი თვალს არ აცილებდა. მეორე დილას მამამ, რონ ბრედლიმ ქალიშვილი ვერც კაიუტაში და ვერც გემბანზე იპოვა.

შეშინებულმა მამამ დახმარებისთვის გემის ეკიპაჟს მიმართა, მაგრამ მისი ვარაუდები სერიოზულად არავინ აღიქვა. ძებნა მხოლოდ კუნძულ კურასაოსთან მიახლოვების შემდეგ დაიწყო, თუმცა ეკიპაჟის წევრების დაკითხვამ შედეგი არ მოიტანა. ემი პროფესიონალი მაშველი იყო, ამიტომ გამოძიებამ წყალში გადავარდნის და დახრჩობის ვერსია მთლიანად გამორიცხა. 

გოგონას გაუჩინარებიდან ხუთი თვის შემდეგ გამოჩნდნენ პირველი მოწმეები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ემი კურასაოს სანაპიროზე ნახეს. ტურისტების თქმით, გოგონას, რომელიც ემის ჰგავდა, ისეთივე ტატუები ჰქონდა, როგორიც ბრედლის და თან კრიმინალური გარეგნობის ორი მამაკაცი ახლდა. ერთი წლის შემდეგ საზღვაო ძალების ჯარისკაცმა, რომელიც ადგილობრივ საროსკიპოს ეწვია, თქვა, რომ მეძავი ემი ლინ ბრედლის სახელით გაეცნო და დახმარება სთხოვა. სანამ მეზღვაურმა გამბედაობა მოიკრიბა და მომხდარის შესახებ ამერიკის პოლიციას აცნობა, დაწესებულება უკვე დახურული იყო.

ამერიკელი სამართალდამცავების გულმოდგინე მუშაობის მიუხედავად, გამოძიება ჩიხში შევიდა და უცნაური გაუჩინარების საქმე დღემდე გაუხსნელია. ემის ოჯახმა სოლიდური ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც გოგონას შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ძებნა გრძელდება. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა