„მზეზე თერმომეტრმა თუ 47 გრადუსი აჩვენა, ეს არ ნიშნავს, რომ თბილისში იყო 47 გრადუსი სიცხე" - გარემოს ეროვნული სააგენტო
ქვეყნის მასშტაბით მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე გაგრძელდება. შედარებით მაღალი ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება და ტემპერატურა 39-40 გრადუსს მიაღწევს. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში „ფორტუნას“ განუცხადეს.
„მაღალი ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში დაახლოებით 10 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. გავრცელებული ინფორმაცია, რომ წერეთელზე და დიღომში 47 გრადუსი იყო, არასწორია. ჩვენ გვაქვს დიღომში სადგური, რომელიც გამართულია და რომელსაც ჰყავს დამკვირვებელი. დიღომში, 9 აგვისტოს იყო 39 გრადუსი. მზეზე თერმომეტრმა თუ 47 გრადუსი აჩვენა, ეს არ ნიშნავს, რომ თბილისში იყო 47 გრადუსი სიცხე. თბილისში არასდროს დაფიქსირებულა ასეთი მაღალი ტემპერატურა.
თბილისში, 39 გრადუსამდე ტემპერატურა დაახლოებით ხუთი დღე შენარჩუნდება. 17 რიცხვიდან კი ტემპერატურა ოდნავ კლებას იწყებს და 35 გრადუსამდე ჩამოვა.
დასავლეთ საქართველოში 31-დან 36 გრადუსამდე შენარჩუნდება ტემპერატურა. 11- ში (დღის მეორე ნახევარში), 12 და 13 აგვისტოს კოლხეთის დაბლობზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი“, – აღნიშნეს სააგენტოში.