"ყველაზე მეტი ცხედარი კოტეჯების მიმდებარედ ვიპოვეთ" - თემურ მღებრიშვილი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოებისა და განვითარებული მოვლენების შესახებ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ყველაზე მეტი ცხედარი კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
მისი თქმით, ამჟამად ინტენსიური სამუშაოები 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს. რაც შეეხება ცოცხალ ძალას, თემურ მღებრიშვილი განმარტავს, რომ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში, სამძებრო ღონისძიებებში 800-ზე მეტი ადამიანია ჩართული.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, სტიქიის მეორე დღესვე დაკარგული პირების სია განისაზღვრა 36 პირით, მოხდა 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთი პირის ვინაობა მოგვიანებით დაზუსტდა.
"უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა საგამოძიებო და ოპერატიული სამუშაოები. დაიდენტიფიცირდა შეტყობინებებში მყოფი პირები, მათ შორის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე და საბოლოოდ სტიქიის შედეგად დაკარგულად ჩაითვალა უკრაინის რესპუბლიკის ორი და რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე. მეორე დღესვე დაკარგული პირების სია განისაზღვრა 36 პირით, საიდანაც 2 პირთან მალევე მოხდა დაკავშირება. დაკარგული 34 პირიდან, მოხდა 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთი პირის - ზურაბ ბიბილეიშვილის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო სამუშაოების შედეგად, მოხდა შეტყობინების ინიციატორთან ინფორმაციის გადაზუსტება და ამ მონაცემების მქონე პირის დაკარგულთა სიიდან ამოღება მოხდა“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.