ქალმა მკითხავს 17 500 დოლარი გადაუხადა, რომ ქმარი დაებრუნებინა - საქმე, რომელმაც თბილისი აალაპარაკა
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ქალმა 17 500 დოლარი გადაიხადა ქმრის დასაბრუნებლად.
თბილისში, ალექსეევკის დასახლებაში ზოია ლუპაშენკოს ყველა იცნობს. 35 წლის ქალმა სახელი მკითხაობით გაითქვა. აქ ყველამ იცის ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქალს პოლიციამ ხელბორკილები დაადო. ის კლიენტისგან თაღლითური გზით 17 500 დოლარის გამოძალვაშია მხილებული, თუმცა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 35 წლის ბრალდებულს, სახლში 10 შვილი ჰყავს.
თბილისში ცნობილ მკითხავს საცხოვრებელ მისამართზე მივაკითხეთ. ის კამერებთან არ ჩნდება. სატელეფონო საუბარში კი ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და თანხა, რომელიც კლიენტისგან აიღო მხოლოდ ჯადოს მოსახსნელად სჭირდებოდა.
ზოია ლუპაშენკოს უდანაშაულობაში დარწმუნებულია მისი ოჯახი. გვარწმუნებენ, რომ მას წინასწარმეტყველების უნარი შთამომავლობით გადმოეცა. თაღლითობაში ბრალდებულის ძმა "რუსთავი 2-თან" საქმის დეტალებზე ჰყვება. ამბობს, რომ მის დას კლიენტმა დიდი ოდენობით თანხა საკუთარი სურვილით გადასცა.
"ჩემი და არაფერში დამნაშავე არ არის. არ გაძარცვა და ძალით არ გამოართვა. უბრალოდ აიღო და ამ ქალმა მისცა - ჩემმა დამაც აიღო. უნდა შეელოცა ჩემს დას და შეულოცა კიდევაც, მაგრამ ეს ქალი, რაღაც, ვერ დაკმაყოფილდა მაგით. მივიდა პოლიციის განყოფილებაში და უჩივლა. ჩემს დას 10 შვილი ჰყავს და მისახედი ჰყავს ეს ბავშვები, ეგეც არ გაითვალისწინეს“, - აცხადებს ნიკა ლუპაშენკო.
სისხლისსამართლის საქმე პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს, რის გამოც „რუსთავი 2“ დაზარალებულის ვინაობას არ ასაჯაროებს. „კურიერი პიესმა“ მისი ჩვენება მოიპოვა. მსხვერპლი თავად იხსენებს, თუ როგორ ენდო ზოია ლუპაშენკოს.