„ქართული ოცნების" დეპუტატის მწერალთა სახლის დირექტორად პორტირება იმაზე მიანიშნებს, რომ ამ სფეროს კონტროლიც ბიძინა ივანიშვილს დაექვემდებარება - თინა ბოკუჩავა
„ქართული ოცნების" დეპუტატის მწერალთა სახლის დირექტორად პორტირება იმაზე მიანიშნებს, რომ ამ სფეროს კონტროლიც ბიძინა ივანიშვილს დაექვემდებარება, - ასეთია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის თინა ბოკუჩავას შეფასება მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნის თაობაზე.
"ივანიშვილი ყველა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი სფეროს სრულ, აბსოლუტურ და უპირობო კონტროლს ცდილობს. ჩვენ ამას მათ შორის კულტურის სფეროში ვხედავთ", - განაცხადა ბოკუჩავამ.
სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.