3 ვერტმფრენი შეძენილია და მათ მოწოდებას ველოდებით - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არის მანიპულაციური მცდელობა, რომ ვერტმფრენების შეძენის საკითხი რაჭაში მომხდარ სტიქიას დაუკავშირონ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 3 ვერტმფრენი უკვე შეძენილია და მოწოდებას ელოდებიან.
„3 ვერტმფრენი უკვე შეძენილია. ხდება მისი ეტაპობრივი მოწოდება. ამიტომ, ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია. ხელშეკრულება თუ არ ვცდები დაიდო შარშან, არ მინდა თარიღში შევცდე. 3 ვერტმფრენი შეძენილია და მათ მოწოდებას ველოდებით. მეორეა, ამ საკითხის მანიპულაციური დაკავშირება სტიქიასთან. თქვენ დღესაც მოისმინეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ბრიფინგი, სადაც ის საუბრობდა როგორ მოხდა ვერტმფრენების მობილიზება, ვერტმფრენები რომ ადგილზე იყვნენ, დღის განათებაში 3 საათის განმავლობაში შეეძლოთ მუშაობა. სითბური სენსორებით აღჭურვილი სპეციალური „დრონები“ მთელი ღამე მუშაობდნენ. ასე რომ ყველა სამაშველო ამოცანა, რაც დასახული იყო, შესრულდა. ერთი საკითხია ის, რომ ვერტმფრენები შეძენილია და მეორე ის, რომ ეს არის მანიპულაციური დაკავშირება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.