„ასე, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ და არავინ იცის, კიდევ რა მოხდება“ - ანზორ საკანდელიძე
რამდენად უსაფრთხოა კლიმატური ცვლილებების პირობებში საქართველოში და განსაკუთრებით მის მთიან რაიონებში ცხოვრება და უსაფრთხოა თუ არა ქვეყანაში აშენებული შენობები? ამ და სხვა თემებზე TIA.GE-ს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, „მშენებელთა ლიგის“ თავმჯდომარე, ანზორ საკანდელიძე ესაუბრა:
- რამდენიმე დღის წინ რაჭაში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ ჭრილობის მოშუშებას ალბათ ვერასოდეს შევძლებთ, მაგრამ ეს დასაწყისია, რადგან თბილისში, ბათუმსა და მთელ საქართველოში უარესი ტრაგედიები გველის. ჩვენი უბედურება 2004 წელს დაიწყო, როდესაც სამშენებლო მაფიამ მშენებლობის სამინისტროს გაუქმებას მიაღწია - ვერც ერთ მშენებლობის მინისტრთან შეთანხმება ვერ შეძლეს, რომ თავიანთი მზაკვრული გეგმები განეხორციელებინათ, ამიტომ სამინისტროს გაუქმება გადაწყვიტეს, რასაც მიაღწიეს კიდეც 2004 წელს და იმავე წლიდან სიკვდილის კონვეირები აამუშავეს. ამ დღის შემდეგ საქართველო ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლეს უდიდესი საფრთხე ემუქრება. მშენებლობის სამინისტროს გაუქმებით (რომელიც ევროკავშირისა თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს) ქართველი ხალხი პირისპირ დატოვეს მთელ მსოფლიოში კატასტროფული ტემპებით მუდმივად მზარდი სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური მომაკვდინებელი საფრთხეების წინაშე!
- იქნებ უფრო გასაგებად აგვიხსნათ, რომელი სიკვდილის კონვეირებს გულისხმობთ?
- ესაა სასიკვდილო სამშენებლო ნებართვების გაცემა, სამშენებლო ზედამხედველობა და ასევე მიღება ჩაბარების ე.წ. ამნისტიის წესი. ეს აბსოლუტურად უკანონოდ გაცემული სამშენებლო ნებართვებია, სადაც არც სეისმომედეგობაა შემოწმებული, არც სამშენებლო ეკოლოგია და საერთოდ არაფერი. სწორედ ამ შეუმოწმებელი ობიექტებისთვის შემოიღეს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონი. ერთხელ რომ ჩაატარეს ამნისტია, ხელი არ გაუნძრევიათ ხარვეზების გამოსასწორებლად, მეორე და მგონი მესამეც მიაყოლეს. 2004 წლიდან დღემდე მუშაობს ეს სამი ეტაპისგან შემდგარი სიკვდილის კონვეირი და ხალხი სასიკვდილო საფრთხეშია, რომელიც განსაკუთრებით მიწისძვრებიდან მომდინარეობს.
საქართველოს უმეტესი ნაწილი და მათ შორის, თბილისი 8-9 ბალიან სეისმურ ზონაშია. ამიტომ სამშენებლო კონტრუქციების მედეგობა 8 ბალიან მიწისძვრაზე გათვლილი და დაპროექტებულია. ამ დროს ერთადერთი სეისმომედეგობის კანონი გვაქვს N010109, რომელიც 2009 წელს მიიღეს და 2010 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ამ კანონის თანახმად რკინა-ბეტონის კარკასული ტიპის ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე 12 სართულია. სინამდვილეში თბილისში და ბათუმი 20, 30, 40 და უფრო მაღალი სართულიანი კორპუსებით სავსეა და ეს უკანონო სართულებია. მათი ექსპლუატაციაში მიღება არ შეიძლება, რადგან 8 ბალიანი მიწისძვრის დროს ყველა თავზე დაგვემხობა. წარმოიდგინეთ რამხელა მსხვერპლია მოსალოდნელი საქართველოში და რახელა უბედურებაში ვართ.
- შოვის ტრაგედიას დავუბრუნდეთ. მდინარის კალაპოტში აშენებული კოტეჯების შესახებ რას გვეტყვით?
- ხის კოტეჯები კი არა, შოვში 18-მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა დაუგეგმავთ და ნებართვაც მიუღიათ. მაინტერესებს მთის მდინარეების და ღვარცოფების ქვეყანაში ვის მოუვიდა აზრად მდინარის კალაპოტში 18-სართულიანი კორპუსის აშენება. თუმცა, რა გასაკვირია, მდინარე ვერეს კალაპოტში, სადაც ხალხი ლაფში იყო ჩამხრჩვალი, ახლა სახლებია აგებული. ზოგადად, თბილისში დაახლოებით 20 ლოკაციაა, სადაც მიკარებაც არ შეიძლებოდა და შენობებია აგებული. ასე, რომ ჩვენს თავს ჩვენ თვითონ უნდა ვუშველოთ, თორემ მთავრობა არაფერს კრძალავს. ერთმა მობინადრემ მაინც თუ მოიკითხა, რომელიც ამ ცათამბჯენებში შევიდა, რამდენ ბალიან მიწისძვრაზეა კორპუსი გათვლილი და მისი სიცოცხლე მიწისძვრის დროს რამდენად დაცულია?
- თქვენი მოსაზრებები მერიას და სხვა შესაბამის სამსახურებს თუ გააცანით და ვინმე თუ დაინტერესდა?
- ჩვენმა რეფორმატორთა კავშირმა თბილისის და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამა შექმნა, მაგრამ კაციშვილს არ აინტერესებს, კაციშვილი არ გველაპარაკება. კი ბატონო ნაციონალებმა გააუქმმეს და მოსპეს, მაგრამ შენ რომ მოხვედი და უკვე ამდენი წელია ხარ, რატომ არ აღადგენ? შესაბამის სამსახურებს „მშენებელთა ლიგამ“ იმდენი წერილი მიწერა მშენელობის სამინისტროს აღდგენის პროექტით, რომ სათვალავიც აგვერია. პროექტიც შევთავაზეთ, რომ მოქმედი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბაზაზე ისრაელის მშენებლობის სამინისტროს მოდელით მშენებლობის ახალი სამინისტრო შევქმნათ და ავამოქმედოთ, მაგრამ არავინ დაინტერესდა. ასე, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ და არავინ იცის, კიდევ რა მოხდება.