სამუშაოები დილამდე შეჩერდა... - რას ამბობს რაჭის გუბერნატორი?
რაჭის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების არეალი გაიზარდა და დღეს დილიდან კვლავ განახლდა მძიმე ტექნიკის მუშაობა.
მისივე თქმით, გუშინ გვიან ღამით მდინარე გუბის კალაპოტში დაფიქსირდა ქვათაცვენის ფაქტი, რის გამოც სამუშაოები დილამდე შეჩერდა.
„როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი დიდი მასშტაბის სტიქიების შემდეგ, ეს დამახასიათებელია. ვინაიდან ცუდი ხილვადობა იყო, გვიან ღამით მოხდა სამუშაოების დილამდე შეჩერება. დილით უკვე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მოხდა ვერტმფრენითა და დრონებით ამ ხეობის დათვალიერება და მნიშვნელოვან ქვათაცვენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დილიდანვე განახლდა საძიებო სამუშაოები“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.